mamobis dadgena

მამობის დადგენის რეგისტრაციისას ხორციელდება კონკრეტული პირის ბავშვის მამად ცნობა (აღიარება), რითაც ბავშვი მოიპოვებს მამის მიმართ უფლება–მოვალეობებს.ბავშვს, რომლის წარმოშობა დადგენილია მშობელთა ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებისა და ნათესაობის მიმართ აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც დაქორწინებულ პირთაგან წარმოშობილ ბავშვს. მამობის დადგენის რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს  ან იუსტიციის სახლს.

მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში

ა) ბავშვი, რომლის მიმართ უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია, არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, დაბადებულია საქართველოში ან მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში
ბ) არასრულწლოვანი ბავშვის ერთ–ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი
გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ
დ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

მამობის დადგენა მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე

საჭირო დოკუმენტები

  • მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება
  • ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ბავშვის დაბადების მოწმობა
  • ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის შემთხვევაში, მათი დაბადების მოწმობა და ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე

მამობის დადგენა მამის განცხადების საფუძველზე

საჭირო დოკუმენტები

  • მამის წერილობითი განცხადება
  • მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ბავშვის დაბადების მოწმობა
  • ერთ–ერთი შემდეგი დოკუმენტი: დედის გარდაცვალების მოწმობა, დედის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, დედის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, ან დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე  სასამართლოს გადაწყვეტილება
  • არასრულწლოვანი მამის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე

მომსახურების ვადა და ღირებულება

მამობის დადგენის მოწმობა გაიცემა უფასოდ,  განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.