piradobis mowmoba

პირადობის ახალი მოწმობა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2011 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოში  პირადობის ახალი მოწმობა გაიცემა.

პირადობის მოწმობა პირის მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია.

პირადობის ახალი მოწმობა მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისაგან დაცული დოკუმენტია. მასზე მოთავსებულია ელექტრონული მატარებელი, რომელიც შეიცავს მოწმობაზე ვიზუალურად დატანილი მონაცემების ელექტრონულ ასლს. მოწმობის ელექტრონული მატარებელი ასევე აღჭურვილია ონლაინ ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის საშუალებებით რომელთა გამოყენებაც მოწმობის მფლობელს სურვილისამებრ შეუძლია.

პირადობის ახალი მოწმობა შესრულებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილი წესების შესაბამისად და მისი გამოყენება შესაძლებელია არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ სამგზავრო დოკუმენტის ფუნქციებით ქვეყნის გარეთაც. ამჟამად პირადობის ახალი მოწმობის მფლობელებს შეუძლიათ მხოლოდ ამ დოკუმენტის საფუძველზე გაემგზავრონ თურქეთის რესპუბლიკაში.

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიღება

საქართველოს მოქალაქე 14 წლის ასაკს მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებულია აიღოს პირადობის მოწმობა. ვალდებულება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე.

პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად  მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს ან იუსტიციის სახლს. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხორციელდება მისამართზე რეგისტრაცია მიმართეთ სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს,  რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.

პირადობის მოწმობის შესახებ სიახლეები და ინფორმაცია

სიახლეები და ინფორმაცია პირადობის  ახალი მოწმობის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.id.ge. ვებგვერდის მეშვეობით ასევე შესაძლებელია პირადობის ახალი მოწმობის დამატებითი ფუნქციების რეალიზება.

პირადობის მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მოქალაქემ, რომელიც პირველად იღებს პირადობის მოწმობას, უნდა წარმოადგინოს:

  • დაბადების მოწმობა
  • ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში. ფასი 3 ლარი)
  • რეგისტრაციის საფუძველი (16 წლამდე ასაკის პირი რეგისტრაციას გადის მშობლებთან, მეურვესთან,მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან. ასეთ შემთხვევაში,  რეგისტრაციის საფუძველისაჭირო არ არის)

პირადობის მოწმობის შეცვლა

პირადობის მოწმობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:

  • ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფასი 3 ლარი)
  • შესაცვლელი პირადობის მოწმობა (გარდა დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევისა);
  • პირადი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელის, გვარის შეცვლა და ა.შ.);

პირადობის მოწმობის  შეცვლის საფუძვლები

  • საცხოვრებელი ადგილის შეცვლა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის (ბინადრობის) ახალ მოწმობას);
  • მოქმედების ვადის გასვლა
  • სახელის ან გვარის შეცვლა
  • ჩანაწერში უზუსტობის დადგენა
  • გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება ან დაკარგვა)

პირადობის მოწმობის გაცემის ვადა და ღირებულება

  • მე–10 სამუშაო დღეს 30 ლარი
  • მე-5 სამუშაო დღეს 40 ლარი
  • მე-3 სამუშაო დღეს 50 ლარი
  • მე-2 სამუშაო დღეს 60 ლარი
  • იმავე დღეს 65 ლარი

 

შეღავათები

პირადობის  მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან :

  • სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001–ს არ აღემატება
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები
  • პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით
  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით –  სარგებლობენ 10 ლარიანი  შეღავათით
  • სტუდენტები, რომლებმაც ერთხელ უკვე ისარგებლეს 10 ლარიანი შეღავათით და განმეორებით სურთ დოკუმენტის მიღება. სარგებლობენ 3 ლარიანი შეღავათით

პირადობის მოწმობის გაუქმების საფუძვლები

პირადობის მოწმობა გაუქმდება :

  • დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 1 წლის  გასვლის შემდგომ, თუ ამ დროის განმავლობაში არ გადაეცა მფლობელს
  • თუ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა მოწმობის შეცვლის საფუძველის არსებობის შესახებ; (დოკუმენტის ვადის გასვლა, სახელის/გვარის შეცვლა, დაზიანება ან ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენა)
  • პირმა წარადგინა ყალბი დოკუმენტი რაც გამოვლინდა გაცემის შემდეგ
  • გარდაცვალების,  მოქალაქეობის შეწყვეტის
  • შვილად აყვანისას  მონაცემების შეცვლის შემთხვევაში
  • მამობის დადგენისას მონაცემების შეცვლის შემთხვევაში

პირადობის მოწმობის ელექტრონული ფუნქციები

ელექტრონული მოწმობა

პირადობის მოწმობა მფლობელის შესახებ ელექტრონულად შეიცავს ზუსტად იმავე ინფორმაციას, რაც ვიზუალურადაა დატანილი მასზე – სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს, მოქალაქეობას, სქესს, პირად ნომერს, ფოტოსურათს, პირად ხელმოწერას, მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას, მოწმობის გაცემის თარიღს და მოწმობის მოქმედების ვადას. მოწმობა არც ვიზუალურად არც ელექტრონულად არ შეიცავს მფლობელის მისამართს. მონაცემები დატანილია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტების შესაბამისად, რაც მოწმობის ავთენტურობის დადგენის საშუალებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ასევე მოწმობა შეიცავს ონლაინ ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის განხორციელებისათვის საჭირო მონაცემებს – სერტიფიკატებს, გასაღებებსა და არასანქცირებული წვდომისაგან დამცავ კოდებს (PIN კოდებს).

საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს პირადობის ახალ მოწმობაზე პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის დატანის წესს – ის შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებში და მხოლოდ პირის თანხმობის შემთხვევაში.

პიროვნების ონლაინ ავთენტიფიკაცია

ელექტრონული სისტემები, მათ შორის ელექტრონული საქმისწარმოება, ელექტრონული მმართველობა და სხვა, ადამიანს საშუალებას აძლევს, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს ისეთი ინფორმაცია, რომლის არასანქცირებულმა გამჟღავნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თავად მას ან სხვა პირს. ეს შეიძლება იყოს საგადასახადო ინფორმაცია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები და სხვა. როგორც წესი, ელექტრონულ სისტემებზე წვდომისას გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება მომხმარებლის სახელი და პაროლი. თუმცა დროთა განმავლობაში პაროლმა დაკარგა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფის საშუალება.

პირადობის თითოეული ახალი მოწმობა შეიცავს სპეციალურ მონაცემებს – ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს და მის შესაბამის გასაღებს. ხოლო არასანქცირებული გამოყენებისგან დაცვას უზრუნველყოფს 4-ციფრა PIN-კოდი რომელიც მომხმარებელს დალუქული კონვერტით გადაეცემა და მის გარდა არავინ შეიძლება იცოდეს. აქედან გამომდინარე, მოშორებულ სისტემაზე პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით წვდომისას ინფორმაციის დაცულობის ხარისხი მნიშვნელოვნად მაღლდება.

ციფრული ხელმოწერა

ტრადიციულად, როდესაც რაიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზეა საუბარი, ეს ავტომატურად გულისხმობს წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე მისვლას და ქაღალდზე ხელის მოწერას. პირადობის ელექტრონულ მოწმობას შეუძლია აქაც შეიტანოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ელექტრონული დოკუმენტი თქვენსავე კომპიუტერზე და მას მოწმობის საშუალებით ციფრულად მოაწეროთ ხელი.

პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილია სპეციალური მონაცემები – ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი და მისი შესაბამისი გასაღები. ისინი უზრუნველყოფენ ელექტრონული დოკუმენტის იმგვარ დაცვას რომ, ერთი მხრივ, შესაძლებელი იყოს თქვენი როგორც ხელმომწერის იდენტიფიცირება და, მეორე მხრივ, დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად იწვევდეს თქვენი ხელმოწერის გავბათილებას. ამ მექანიზმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არასანქცირებული წვდომისგან დაცვას უზრუნველყოფს 6-ციფრა PIN კოდი რომელიც მომხმარებელმა თავად უნდა დააყენოს ერთჯერადად, დალუქული კონვერტით გადაცემული დროებითი 5-ციფრა კოდის გამოყენებით.

ციფრული ხელმოწერა შლის ყველანაირ მანძილს, ხელმომწერები შეიძლება იყონ სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა ქალაქში, ქვეყანასა თუ კონტინენტზე და მაინც შეძლონ, დოკუმენტზე ხელის მოწერა.

ციფრული ხელმოწერის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ სერვისში, რომელიც პიროვნების ნების გამოხატვის დადასტურებას მოითხოვს. კერძოდ, ხელშეკრულებების გაფორმებისას, საგადასახადო ფორმების წარდგენისას და  სხვა მრავალ შემთხვევაში.

როგორ მოვიქცეთ პირადობის ახალი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში?

პირადობის ახალი მოწმობის დაკარგვის შესახებ გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ სააგენტოს. ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატები ჩვენს მიერ დაიბლოკება და ვერავინ შეძლებს მოწმობით სარგებლობას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მისთვის თქვენი საიდუმლო PIN კოდები გახდება ცნობილი. ონლაინ ავთენტიფიკაციის სისტემები ავტომატურად უარყოფენ ამ მოწმობით წვდომის მცდელობას, ხოლო გაუქმების შემდეგ განხორციელებული ციფრული ხელმოწერების სამართლებრივი ძალა ბათილი იქნება.

სხვა ელექტრონული შესაძლებლობები

ბარათის  უკონტაქტო ინტერფეისი საშუალებას იძლევა პირადობის ახალი მოწმობა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის ბარათის ნაცვლად, კერძოდ:

  •        სტუდენტური ბარათი
  •        სამსახურებრივი ბარათი