apostili

დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

საქართველოშო გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.

ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში, მათი ავთენტურობის (ნამდვილობის) დამოწმებას.

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ”უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის ნებისმიერ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (დაწვრილებითი ინფორმაცია ზემოაღნიშნული კონვენციის წევრ-სახელმწიფოების თაობაზე იხილეთ ვებ გვერდზე.

ლეგალიზაცია, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ხანგრძლივ პროცედურას, რომელიც გულისხმობს დამოწმების პროცესში რამდენიმე უწყების მონაწილეობას. ლეგალიზაციის დროს აუცილებელია დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების მიერ მისი დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), რის შემდეგაც დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში.

იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ  “უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ სახელმწიფოებს, ძალაში რჩება ლეგალიზაციის მოთხოვნა. ლეგალიზაციის მოთხოვნა ასევე ძალაში რჩება საბერძნეთის რესპუბლიკისთვის.

აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები; ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები
  • სამედიცინო დაწესებულებების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები
  • სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები
  • სანოტარო აქტები
  • საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები
  • ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი
  • აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი
  • აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.

 აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები
  • კერძო  სამართლის  იურიდიული  პირების მიერ  (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა
  • სამხედრო ბილეთი
  • სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა
  • ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები
  • სანოტარო აქტები – ასლის დედანთან იდენტურობისა და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება
  • საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები

საქართველოში აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებში
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
    (ახორცილებს ყველა იმ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას,  რომლებიც არ განეკუთვნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და  მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას).
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
    (ახორცილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას)
  • მომსახურების სააგენტო
    (ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებულ/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას)

შენიშვნა: ლეგალიზებული დოკუმენტის შესაბამის სახელმწიფოში წარდგენამდე აუცილებელია დოკუმენტის დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია) საქართველოში აკრედიტებული იმ უცხო ქვეყნის დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულების მიერ, სადაც წარდგენილ უნდა იქნას დოკუმენტი.

უცხო ქვეყანაში წარსადგენი დოკუმენტის თარგმანის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია

თუ მოქალაქეს, უცხოეთში წარდგენის მიზნით, ესაჭიროება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის თარგმანის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია, თარგმანს ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო. ამასთან, თარგმანის დამოწმება დამოკიდებულია იმ ადმინისტრაციულ ორგანოზე, რომელიც განახორციელებს თარგმანს. თარგმანის განმახორციელებელ ერთ-ერთ ასეთ ორგანოს წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, კერძოდ, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახური.

მომსახურების პირობები
სერვისით სარგებლობისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა შეუძლია არა მარტო მოქალაქეს, რომლის სახელზეც არის შედგენილი დოკუმენტი, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. (მინდობილობა საჭირო არ არის)
ერთი დოკუმენტის ან დოკუმენტის თარგმანის ან ასლის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება

გაცემის ვადა ღირებულება
მე–8 სამუშაო დღეს 20 ლარი
მე–4 სამუშაო დღეს 40 ლარი
მე–2 სამუშაო დღეს 70 ლარი
1 დღეში 100 ლარი

დოკუმენტის ერთი გვერდის თარგმანის ღირებულება შეადგენს 20 ლარს.

შენიშვნა: ვინაიდან ადმინისტრაციული თარგმანი თავის მხრივ ექვემდებარება დამოწმებას, თარგმანთან ერთად დოკუმენტის დამოწმების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

მაგალითისთვის, 8 სამუშაო დღეში  დოკუმენტის დამოწმების საფასური შეადგენს  20 ლარს, დოკუმენტის თარგმანის საფასური (ერთი გვერდი)   – 20 ლარს, ხოლო თარგმანის დამოწმების საფასური,– 20 ლარს (სულ 60 ლარი). საფასური შეიცვლება სათარგმნი გვერდების რაოდენობისა და დამოწმების ვადის მიხედვით