ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა: 2011-2014 (I ფაზა), 2014-2016 (II ფაზა)

2016-2017 ( III ფაზა )

დონორი/დამფინანსებელი: ევროკავშირი (EU)

 

პარტნიორი/პროექტში მონაწილე მხარეები: საპილოტე მუნიციპალიტეტები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სმართ ლოჯიქი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო, ლიბერთი ბანკი, კომპანია იუ-ჯი-თი

2011 წლის 7 დეკემბრიდან,  სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ევოკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმართველობებში“.

პროექტის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, ელექტრონული მმართველობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, იქმნება ახალი პროგრამული უზრუნველყოფა „მუნიციპალური სერვისების მართვის სისტემა“.

ახალი სისტემის ძირითად დანიშნულებად განისაზღვრა მოქალაქეთა მოთხოვნების ელექტრონულად აღრიცხვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, მათი სტანდარტიზაცია და გარკვეულ შემთხვევებში ავტომატიზაცია, ასევე შიდა და გარე დოკუმენტბრუნვის ელექტრონული გზით წარმართვა და სხვადასხვა საჯარო უწყებების ელექტრონული მონაცემთა ბაზებით სარგებლობის პროცესების უზრუნველყოფა.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
  • ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციაში არსებული მომსახურების ათი პროცესის შესწავლა, საკანონმდებლო ბაზასთან შესაბამისობაში მოყვანა, სტანდარტიზაცია და ელექტრონიზაცია.
  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და მუნიციპალური სერვისების მართვის სისტემის დანერგვის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი საპილოტე მუნიციპალიტეტებში.
  • ელექტრონული მონაცემების გაცვლის პროცესის უზრუნველყოფა თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
  • ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა, მუნიციპალურ სერვისებზე სოფლიდან გაუსვლელად, საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა გადამზადება, ელექტრონული მმართველობის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში მუშაობის მიზნით.

მოსალოდნელი შედეგები

საპილოტე მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვა უზრუნველყოფს ეფექტურ კავშირს თვითმმართველობის ტერიტორიულ სამსახურებსა და გამგეობას შორის. ახალი სისტემა საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას ცენტრალური ხელისუფლების მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რის შედეგადაც გაიზრდება გაწეული მომსახურების ხარისხი.  ელექტრონული მმართველობის დანერგვის საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს თვითმმართველობების პროცესების სტანდარტიზაციას და საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას.   პროგრამის შედეგად საპილოტე მუნიციპალიტეტებში  გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხდება გამჭვირვალე, რაც წარმოადგენს ეფექტიანი სისტემის მნიშვნელოვან მახასიათებელს.

მუნიციპალური სერვისების მართვის სისტემის დანერგვა, უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას ელექტრონული სახით, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ცენტრები, როგორც ცენტრალური ხელისუფლების სერვისების შემთხვევაში, ასევე მუნიციპალური მომსახურების სრულფასოვან „ფრონტ–ოფისად“ იქცევა. დღეს სოფლის მოსახლეობას მუნიციპალური სერვისის მისაღებად კვლავ უწევს მუნიციპალურ ცენტრში გამგზავრება, ხოლო ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის დანერგვა, მათ საშუალებას მისცემს სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ სხვადასხვა მუნიციპალური მომსახურება.

პირველ ეტაპზე, მუნიციპალური სერვისების მართვის სისტემაში სტანდარტიზაციისა და ელექტრონიზაციისთვის შეირჩა შემდეგი ათი პროცესი:

 

  1. ფულადი სოცალური დახმარება
  2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება
  4. მშენებლობის ნებართვის გაცემა
  5. მშენებლობის ლეგალიზაცია
  6. ქონების იდენტიფიკაცია
  7. ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეტანა
  8. მუნიციპალური ქონების პრივატიზაცია
  9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მართვა
  10. საბიუჯეტო პრიორიტეტების კვლევა