პერსონალურ მონაცემთა კანონიერად დამუშავებისა და დაცვის გარანტიები

პერსონალურ მონაცემთა დაცვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სააგენტო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა თავიდან აიცილოს პერსონალური მონაცემების უკანონო (არასწორი) დამუშავება. ამ მიზნით, სააგენტოში დაინერგა მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან, სისტემატურად ხორციელდება სააგენტოში მიმდინარე პროცესებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკის ზოგადი ანალიზი, იხვეწება ყველა ის პროცესი თუ მარეგულირებელი საკანონომდებლო აქტები, რომლითაც ხელმძღვანელობს სააგენტო. განვითარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა, რაც შესაძლებელს ხდის, პერსონალურ მონაცემებზე არაკანონიერი წვდომა, მათი დაკარგვა და განადგურება თავიდან იქნეს აცილებული. ტექნიკურად დაიხვეწა მონაცემთა კარგვის სისტემა, მისი სამართლებრივი რეგულაციები. დეკლარირებული სახე მიიღო სისტემის გამოყენების მასშტაბებმა და წესებმა. დაინიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომლის ყოველდღიური საქმიანობა მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და მონაცემთა დაცვის პოლიტიკის წარმართვაა.

სააგენტო:

ა) ახდენს ამ განაცხადისა და დეკლარირებული მიზნების პროპორციულ (ადეკვატურ) ინვესტირებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის დაცვისა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების, მათ შორის, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისა და სწავლების საქმეში;

ბ) განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა მონაცემთა სუბიექტებს, მოთხოვნისას აწვდის მათ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას, მიმართავს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზაციას;

გ) განსაკუთრებული გულისხმიერებით რეაგირებს მონაცემთა სუბიექტის ნებისმიერ განცხადებასა თუ წუხილზე, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

მონაცემთა დამუშავების მიზანი

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არის ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს სამოქალაქო რეესტრს („სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, ასევე მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის, მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და სხვა მომსახურებათა გაწევის, მოსახლეობის რეესტრის წარმოების, მასში სრულყოფილი/ვალიდური ინფორმაციის ასახვისა და სახელმწიფო დაწესებულებებისათვის მიწოდების, აგრეთვე, გაცემული დოკუმენტების აღრიცხვისა და გაყალბების თავიდან აცილების და სხვა მიზნით, სააგენტო ამუშავებს ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემებს.

სააგენტო აღნიშნულ მონაცემებს ამუშავებს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და/ან მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად, მისთვის მომსახურების გასაწევად („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით), „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად. აღნიშნული მონაცემების შეგროვება სავალდებულოა და არ არის დამოკიდებული მონაცემთა სუბიექტის ნებაზე (მის თანხმობაზე).

მონაცემთა სუბიექტთა წრე

სააგენტოში მუშავდება მონაცემთა შემდეგი სუბიექტების მონაცემები:

  • სააგენტოში განცხადების წარმდგენი პირი
  • მომსახურების მიღების მსურველი პირი
  • დაინტერესებული პირის წარმომადგენელი
  • ნებისმიერი პირი, რომლის მიმართაც მონაცემთა დამუშავება კანონით/კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებაა

მონაცემთა კატეგორია

სააგენტოში დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა წრე საკმაოდ ფართოა და მოიცავს:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, სქესი, ფოტოსურათი, ხელმოწერა, მოქალაქეობრივი კუთვნილება;
  • საკონტაქტო მონაცემებს: ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • დოკუმენტის მონაცემებს: დოკუმენტის ნომერი, გამცემი ორგანოს დასახელება, მოწმობის/ნებართვის გაცემის ადგილი და თარიღი, მოქმედების ვადა;
  • ბიომეტრიული მონაცემები: ფოტო, თითის ანაბეჭდი, ზოგიერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია;
  • ასევე, მონაცემთა სუბიექტის მიერ სააგენტოსაგან მიღებული მომსახურების შესაბამისად, მუშავდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია (მონაცემები).

სააგენტოს მიერ დამუშავებული მონაცემების დეტალური ჩამონათვალი ასახულია სააგენტოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის წარდგენილ ფაილურ სისტემათა კატალოგებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ ვებგვერდზე http://personaldata.ge/

მონაცემთა მიმღები

სააგენტოში დამუშავებულ მონაცემთა მიმღებნი არიან სახელმწიფო უწყებები თუ კერძო ორგანიზაციები. აღნიშნული პირები ინფორმაციას/მონაცემებს იღებენ მათთან გაფორმებული მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად ან თავად მონაცემთა სუბიექტის მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე. სააგენტოში მუდმივად მატულობს მონაცემთა მიმღებთა ოდენობა, რამდენადაც კანონიერი საფუძვლის არსებობის/გაჩენის შემთხვევაში მონაცემთა მიმღები შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი.

სააგენტოში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს – ანა სტურუას ელექტრონული ფოსტის მისამართზე a.sturua@sda.gov.ge