აუცილებელი ინფორმაცია ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ

broshuraსაქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო  მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.  მომზადდა სპეციალური ბროშურა, სადაც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რათა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტის აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა. ოპერატორებმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ნებისმიერი ნიუანსი ადგილზე განუმარტონ.

ბროშურაში დეტალურადაა გაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: ჩამონათვალი ქვეყნებისა, სადაც უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი; ვიზიტის ხანგრძლივობა და მიზანი და საჭირო დოკუმენტების ნუსხა. საინფორმაციო კამპანიის მიზანია პასპორტის მიღების დროს საქართველოს მოქალაქეების დროული ინფორმირება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის აუცილებელი წესების შესახებ.

აუცილებელი ინფორმაცია ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ

გაითვალისწინეთ! ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მგზავრობისათვის პირი უნდა ფლობდეს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადა სულ მცირე 3 თვით მაინც აღემატება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების დატოვების თარიღს.

17500412_10206948832834147_710069684_oსაქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 2010 წლის 15 აპრილიდან, რომელიც მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია. მისი გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას. ჩვეულებრივი (არაბიომეტრიული) პასპორტისგან განსხვავებით, ბიომეტრიულ პასპორტს დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი და მასზე დატანილია მფლობელის პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდი. 2016 წლის შემოდგომიდან გაიცემა მესამე თაობის ბიომეტრიული პასპორტები, რომლებიც 2010 წლის ნიმუშის (მეორე თაობის) პასპორტებზე უფრო ძლიერი დაცვის მექანიზმებითაა აღჭურვილი. ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხი.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხშირად დასმული კითხვები