ბაზაში არსებული უხარისხო ფოტოები ბიომეტრიული ფოტოსურათებით შეიცვალა

IMG_2476„საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში არსებული უხარისხო ფოტოების ბიომეტრიული ფოტოსურათით ჩანაცვლება მიმდინარეობს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტს განაგრძობს. კანონის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოქალაქეთა ფოტოსურათიანი მონაცემთა ბაზა მიეწოდება, რის მიხედვით საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 26 აპრილს, სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მოქალაქე ელგუჯა ჩიხლაძის საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ და ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად ყველა საჭირო პროცედურის ადგილზე მიღებაში გაუწიეს დახმარება.

სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის დაწყებისთანავე საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა 2 500-ზე მეტი უსურათო და უხარისხო ჩანაწერი აღმოჩნდა. მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით ადამიანები, რომელთა ფოტოსურათებიც არ ინახებოდა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, გათავისუფლდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საჭირო ფოტოსურათის მისაღებად დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან. „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში, დაიგეგმა ამ მოქალაქეებთან საცხოვრებელ ადგილზე მისვლა, პირადობის მოწმობისთვის საჭირო განაცხადების ჩაბარება და შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოს გადაღებაც.
ამავე პროექტის ფარგლებში, დღემდე სააგენტოს წარმომადგენლები 2 203 მოქალაქის მისამართზე გამოცხადდნენ. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მონაცემთა ბაზაში აღდგენილია 1000-ზე მეტი მოქალაქის ფოტო, ხოლო 749 მოქალაქეს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე გაუწიეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად საჭირო დახმარება.

„საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი 2016 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სააგენტომ პროექტი სწორედ იმისთვის შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს: მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკოს მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, არჩევნებამდე, სულ მცირე, 11 დღით ადრე მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.