ბათუმის ქორწინების სახლმა მუშაობა განაახლა

1ბათუმის ქორწინების სახლმა მუშაობა განაახლა. რეაბილიტირებული შენობა ქორწინების მსურველებს ტრადიციულად მაღალი ხარისხით მოემსახურება. ქორწინების სახლი, კვლავ ელის, როგორც ადგილობრივ, ისე საზაფხულო სეზონზე ბათუმში დასასვენებლად მყოფ წყვილებს.

შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა სახურავის, გათბობა-გაგრილებისა და წყალსაწვეთი სისტემების, ელექტრო კარების, შენობისა და აუზის განათების სისტემების, ელექტრო უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება. ამ დროისთვის შენობა სრულიად განახლებულია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბათუმში მომხდარი წყალდიდობის გამო მწყობრიდან გამოვიდა შენობის ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, შენობაში სხვა სარემონტო სამუშაოების აუცილებლობაც არსებობდა. ყველა სამუშაო ამ დროისთვის დასრულებულია და ქორწინების სახლი მსურველებს უკვე ემსახურება.

ბათუმის ქორწინების სახლი მუშაობს ყოველ დღე 09:30 საათიდან 18:30 საათამდე, სამშაბათისა და ოთხშაბათის გარდა, მოქალაქეების მიღების საათები კი 09:30-დან 17:00 საათამდეა.