განმარტება ამომრჩევლების მონაცემთა ბაზასა და საქსტატის შედეგებს შორის სხვაობაზე

13083221_917807551675219_7346241183917379615_nსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში შედიან როგორც საქართველოში (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული სრულწლოვანი პირები, ასევე, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლები (ე. წ. უმისამართოები, სულ − 30 298 პირი).

პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში არსებულ თითოეულ ჩანაწერზე გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის, 2 198 755 პირზე − ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.

რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას, საქსტატის შედეგებში ასახულია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ის პირი, ვინც კი 2014 წელს  იმყოფებოდა საქართველოში.

მოსახლეობის აღწერის შედეგები არ მოიცავს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი. ისინი ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლები არიან და აუცილებლად უნდა ირიცხებოდნენ საარჩევნო სიებში.

სწორედ ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობა რიცხობრივი სხვაობა ამომრჩეველთა პოტენციურ რაოდენობასა და საქსტატის საყოველთაო აღწერის შედეგებს შორის.