გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

marykofis gaxsnaრეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური კონცეფციის ბრენდი − რიგით 33-ე, მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი − დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი არა მარტო მარტყოფში მცხოვრებ 8 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება, არამედ მიმდებარე სოფლების − სააკაძისა და ვაზიანის − მცხოვრებთაც. მოსახლეობა მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, სოფლის მკვიდრნი საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებით.
სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ ადგილობრივ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი წარადგინა, რომლებიც ახალი პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს მომსახურების სფეროში დახმარებას გაუწევენ. ახალ პროექტს სახელწოდებით − „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ − მიმდინარე წელს სოფელ ხრეითში ჩაეყარა საფუძველი. პროექტი ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის მოპოვებაში ინტერნეტის მეშვეობით, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში. მოხალისეებს საშუალება ექნებათ, გუნდურად მოიფიქრონ და განახორციელონ მათთვის თუ თანატოლებისთვის საინტერესო აქტივობები, გამართონ დისკუსიები და განხილვები. სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში მომუშავე მოხალისეები შეეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო მომსახურების გაწევაში, იდეების მოფიქრებასა და განხორციელებაში.

პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში მუშაობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტიანად განხორციელების უნარები.

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ამჟამად უკვე 32 ქართული სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. მათი მთავარი ნიშანი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებით სარგებლობა შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყლის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბლის, ლენტეხის, დაბა ჩაქვის, ხრეითის, სადახლოს, რუხის, დიდი ჯიხაიშისა და დასახელებული სოფლების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.

24.03.2016