ამნისტია გაყალბებულ დოკუმენტებზე

01იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემა ამნისტიის კანონი იყო, რომელიც გაყალბებულ დოკუმენტებს ეხება, და, ასევე, მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც საბუთებსა და მონაცემთა ბაზებში არსებული შეუსაბამო მონაცემების გასწორებისათვის შეღავათებს აწესებს.
გაყალბებული დოკუმენტების ამნისტიის ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. კანონი 2015 წლის 30 დეკემბრიდან ამოქმედდა. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა ბაზების გაწმენდა და საარჩევნო სიის სრულყოფა.

ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო გააყალბეს პირადობის მოწმობა, პასპორტი, სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ მიმართავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და თავად განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე.

ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული მონაცემი გამოიყენეს კანონის ამოქმედებამდე; იმ პირებზე, რომელთაც გააყალბეს პირადი მონაცემები 2009 წლის 1 იანვრამდე; აგრეთვე, მათზე, ვინც გაყალბებული დოკუმენტებით ან მათი მონაცემებით ისარგებლა.
პირადი მონაცემების თვითნებურად გადასწორება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა − ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამნისტიით და ყოველგვარი სასჯელის ან ჯარიმის გარეშე შეასწორონ გაყალბებული მონაცემები.

იმისათვის, რომ პირმა ამნისტიით ისარგებლოს, მან განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს დევნილის ყალბ მოწმობას, ამავე ვადაში მან განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თუ პირი უკვე ცნობილია ბრალდებულად, ის თავისუფლდება შესაბამისი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის ვალდებულებისაგან და მას ამნისტია პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე შეეხება.

ამნისტიით სარგებლობის მოთხოვნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციურ სამსახურს შემდეგ ნომერზე: (+995 32) 2 40 10 10 ან ისარგებლონ ვებგვერდით: sda.gov.ge.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში გამოცხადებული ამნისტიით 20 000-მდე პირმა ისარგებლა და მათ დოკუმენტები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე გაუსწორდათ.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გამოვლენილი ისეთი არასწორი თუ ურთიერთშეუსაბამო მონაცემების ჩამონათვალი, რომელთა არსებობაც მექანიკური შეცდომის შედეგია. დოკუმენტებში ასეთი არასწორი მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო ამავე პირის სახელზე გაცემულ სხვა დოკუმენტებსაც შეისწავლის და თუ მივა დასკვნამდე, რომ შეცდომა მართლაც მექანიკურია, ის ამ დოკუმენტაციას და სააგენტოს მონაცემთა ბაზას თავად შეასწორებს, ინფორმაციის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაგზავნის გარეშე.

თუ დოკუმენტში შეცდომა პირის სახელის ან გვარის უცხო ენიდან (ძირითადად, რუსული, აზერბაიჯანული ან სომხური ენებიდან) ქართულ ენაზე არასწორად გადმოტანის შედეგად არის დაშვებული, მათი გამოსწორება დოკუმენტის მფლობელის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი შესწორდება იმ ვერსიის მიხედვით, რომელსაც არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტის მფლობელი, შესაბამისი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ტრანსლიტერაციის წესებიდან გამომდინარე, რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შორის თავად აირჩევს. ამ გზით შესწორებული მონაცემები შესაბამისობაში მოვა ამავე პირის სახელზე მანამდე გაცემულ სხვა დოკუმენტებთან და, შედეგად, ეჭვქვეშ აღარ დადგება ამ დოკუმენტების ნამდვილობისა და ვალიდურობის საკითხი. თუ ცალკეულ შემთხვევებში მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მარტივი შესწორების შეტანის საშუალებას, ამ შემთხვევაშიც ზედმეტი ბარიერების გარეშე მოხდება სახელის ან გვარის შეცვლა ან გვარის კანონიერად აღიარება.

ამნისტიის მოქმედების პერიოდში პირი გათავისუფლდება ყველა სახის საფასურის გადახდისაგან, რომელიც სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, სახელის ან გვარის შეცვლის, გვარის კანონიერად აღიარების, აგრეთვე, სააგენტოს ნებისმიერი სხვა სახის მომსახურებისათვის არის დადგენილი.