გენდერულ თანასწორობაზე დასკვნითი შეხვედრა არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა

17453685_10207245783257717_1391845571_oარხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ პარტნიორობით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

ორდღიანი ღონისძიება პროექტის – “საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზა” – ფარგლებში მოეწყო და  გაიხსნა გამოფენით, სახელწოდებით ,,დამფუძნებელი კრების წევრი ქალები 1919–1921“.

მე-8 შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

განიხილეს ასევე საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, მისი აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო პრაქტიკა. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელები.

ანალოგიური ტიპის შეხვედრები საქართველოს  რვა საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.