გლობალური მიგრაციული პროცესების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

710-11 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გლობალური მიგრაციული პროცესების გამოწვევებს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებმა – მიგრაციის თემით დაინტერესებულმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა – ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და რეგიონული და საერთაშორისო მიგრაციული პროცესების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს საშუალებას აძლევს, წვლილი შეიტანოს მიგრაციის შესახებ ევროპაში მიმდინარე დებატებში და მიგრაციის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისადმი რეაგირების სწორი მიდგომები ჩამოაყალიბოს.
საერთაშორისო კონფერენცია – მიგრაციისადმი გაეროს პრინციპებზე დაფუძნებული გლობალური მიდგომის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საშუალებაა. ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და 2014 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
კონფერენციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA), რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD).