დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას საქართველოში

16707461_1247799228601404_2532370204850048384_oდიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას საქართველოში.

პროექტის – “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” – პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი რუმსში“ 16 თებერვალს   გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ვიცეპრემიერმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ინიციატივისა და კვლევის შედეგები წარუდგინა. “საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გზების გაუმჯობესებას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი  ეხმიანება საჯარო მმართველობის რეფორმის  პრიორიტეტულ მიმართულებებს და 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პროგრამის განხორციელებას უძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მთელ რიგ საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით, მათ შორისაა: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოები, ასევე საჯარო სამსახურის ბიურო.

აღნიშნული პროექტის სერვისების მიწოდების კომპონენტი მიზნად ისახავს საჯარო სერვისების შექმნის, მიწოდების,  ხარისხის უზრუნველყოფისა და ფასწარმოქმნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავებას. ასევე საერთო სტანდარტებზე მორგებული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შემოღებას.

პროექტის შედეგად, მოსალოდნელია  სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების ხარისხის გაზრდა, ინოვაციური მეთოდების და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული სერვისების მოხმარების ზრდა და სხვა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.