„ბანკი რესპუბლიკა“ საგანვადებო სესხებზე ელექტრონულ ხელმოწერას ნერგავს

Untitled-1პირველად ქართულ საბანკო სივრცეში ბანკ „რესპუბლიკის“ კლიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, განვადების პუნქტებში საკრედიტო ხელშეკრულება ელექტრონული ხელმოწერით გააფორმონ. ამ სიახლით „ბანკ რესპუბლიკის“ კლიენტები არა მხოლოდ დროს დაზოგავენ, არამედ  საბანკო სივრცეში პროცესების ოპტიმიზაციას და გარემოს დაცვის გაძლიერებას შეუწყობენ ხელს. ჩვენს კლიენტებს ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით ასევე შეეძლებათ სალაროს ნაღდი და უნაღდო ოპერაციების განხორციელება.  აღნიშნული სიახლის განსახორციელებლად ბანკ „რესპუბლიკას“ დროის აღნიშვნის (Timestamp) მომსახურებას სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტო გაუწევს.

ბანკის მიზანია, ახლო მომავალში ელექტრონული ხელმოწერა სხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზეც გაავრცელოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტთა მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს ქართულ საბანკო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.

რამაზ კუკულაძე, ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და კომერციული დირექტორი: ბანკი „რესპუბლიკა“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე, რის დიდ შესაძლებლობებსაც საბანკო ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება ქმნის. მოხარული ვარ, რომ სწორედ ბანკი „რესპუბლიკაა“ პირველი ქართულ საბანკო ბაზარზე, რომელიც საგანვადებო კრედიტზე ელექტრონულ ხელმოწერას ნერგავს. ასევე, ბანკი ამ მხრივ ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრებს შორისაც ნოვატორია. ელექტრონული ხელმოწერით ეფექტურად სარგებლობისთვის „ბანკ რესპუბლიკაში“ დანერგილია საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხოების სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას და შეუძლებელს ხდის ელექტრონული ხელმოწერის სხვა დოკუმენტებზე გამოყენებას. ასე რომ, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ დაზოგონ დრო და მშვიდად და უსაფრთხოდ მართონ საკუთარი ფინანსები ჩვენთან ერთად“.

„სერვისების განვითარების სააგენტომ ამ ინოვაციური პროდუქტის მხარდამჭერი სერვისის, კერძოდ დროის აღნიშვნის (Timestamp)  შეთავაზება უკვე დაიწყო კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. აღნიშნული მომსახურება კომპანიებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად შეამცირონ მომსახურების დრო, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელია” – განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.