პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

PSDA Geoპერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერების მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 300-მდე თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა.

სპეციალურ სასწავლო კურსს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი თამარ იმერლიშვილი  უძღვებოდა. ტრენინგი რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებთან ერთად,  საზოგადოებრივი ცენტრებისა და ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების  ოპერატორებმაც მიიღეს.
სერვისების განვითარების სააგენტომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნები, დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, წარმატებით შეასრულა და სააგენტოში მიმდინარე პროცესების დახვეწის მიზნით, თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარა. აღნიშნული ინიციატივის მიზანი პერსონალურ მონაცემთა უწყვეტი დაცვის უზრუნველყოფა იყო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის მფლობელი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამცემი ორგანო, მუდმივად ზრუნავს საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე პერსონალურ მონაცემთა საიმედოდ დაცვის მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების დამკვიდრებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობაზე.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ბიზნესპრაქტიკის რისკების ანალიზს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ადამიანის უფლებების შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვის პოპულარიზაციას.

თანამშრომლობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის – „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა“ – ფარგლებში. პროგრამა გაეროს ოთხი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) – ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.