იურიდიული კონსულტაცია სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში

01მეჯვრისხევის, შორაპნის, გეგუთისა და ფოკის შემდეგ, უფასო იურიდიული კონსულტაცია, 1 ივლისიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში გახდა ხელმისაწვდომი. სამართლებრივი კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, თვეში ორჯერ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღებს.

საწყის ეტაპზე, სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება თვის ყოველ მეორე ოთხშაბათს იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ან თბილისის ბიუროებს, სადაც მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასაც გაუწევენ.

დღეისათვის, საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს 22 სოფელში მოქმედებს და მათ ფუნქციონირებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. საზოგადოებრივ ცენტრებში უფასო იურიდიული კონსულტაციის დანერგვა გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით , რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის თებერვალში გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების ქსელის გაფართოებას და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.