იურიდიული კონსულტაციის სერვისი ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში ამოქმედდა

DSCN5923მეჯვრისხევის, შორაპნისა და გეგუთის შემდეგ, 28 მაისიდან, უფასო იურიდიული კონსულტაცია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში გახდა ხელმისაწვდომი. სამართლებრივი კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, თვეში ორჯერ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღებს.

საწყის ეტაპზე, ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება თვის ყოველ მეორე ხუთშაბათს იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ იურიდიული დახმარების სამსახურის ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრს, სადაც მოქალაქეებს სამართლებრივ რჩევებს მისცემენ და იურიდიულ დოკუმენტებს შეუდგენენ.

დღეისათვის, საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს 21 სოფელში მოქმედებს და მათ ფუნქციონირებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. საზოგადოებრივ ცენტრებში უფასო იურიდიული კონსულტაციის დანერგვა გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის თებერვალში გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების ქსელის გაფართოებას და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.