იუსტიციის მინისტრმა მიგრაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

14434816_1062984630416784_4178298943305482875_oიუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომლის თემა გლობალური მიგრაციული პროცესების გამოწვევებია. ღონისძიების მიზანია, მიგრაციის თემით დაინტერესებულმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ კვლევის შედეგები, გაიღრმავონ ცოდნა რეგიონული და საერთაშორისო მიგრაციული პროცესების შესახებ.

მიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დღეს გაიხსნა, საქართველოს საშუალებას აძლევს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მიგრაციის შესახებ ევროპაში მიმდინარე დებატებში, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი; ჩამოაყალიბოს მიგრაციის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისადმი რეაგირების სწორი მიდგომები.

საერთაშორისო კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. 29 სექტემბერს მიგრაციის საკითხების ექსპერტის, გაერო-ს და მაასტრიხტის უნივერსიტეტების პროფესორ რონალდ სკელდონის ლექციას დაეთმობა, 30 სექტემბერს კი გაიმართება თემატური სესიები.

საერთაშორისო კონფერენცია – „უახლესი მიგრაციული პროცესები და ევროპა: გამოწვევები და შესაძლებლობები“ ორგანიზებულია საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და 2014 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. მის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA), რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD).