იუსტიციის მინისტრმა სოფელ იორმუღანლოში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

13340335_987812554600659_4589946107181458665_o (1)რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იორმუღანლოში 34-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. იორმუღანლოს საზოგადოებრივი ცენტრი არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ 6 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება, არამედ მიმდებარე სოფლების − დუზაგრამის, ზემო და ქვემო ლამბალოს, თულარისა და კაზლარის მცხოვრებთაც. დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად საგარეჯოს ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და 35 კილომეტრის გავლა უხდებოდათ. ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას დროისა და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს: ადგილობრივები მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, სოფლის მკვიდრნი საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებითაც.

სოფელ იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

იორმუღანლოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 33 ქართული სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, დაბა ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშსა და მარტყოფში.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი წარადგინა, რომლებიც ახალი პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს მომსახურების სფეროში დახმარებას გაუწევენ. ახალ პროექტს სახელწოდებით − „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ − მიმდინარე წელს სოფელ ხრეითში ჩაეყარა საფუძველი. პროექტი ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის მოპოვებაში ინტერნეტის მეშვეობით, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში. მოხალისეებს საშუალება ექნებათ, გუნდურად მოიფიქრონ და განახორციელონ მათთვის თუ თანატოლებისთვის საინტერესო აქტივობები, გამართონ დისკუსიები და განხილვები. სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში მომუშავე მოხალისეები შეეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო მომსახურების გაწევაში, იდეების მოფიქრებასა და ხორცშესხმაში. პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში მუშაობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტიანად განხორციელების უნარები.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას იორმუღანლოში იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.