იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქე ხატია ვოლნისტს საბუთში სქესი „მდედრობითი“ ჩაუწერა

მიუხედავად საქმეზე არაერთი ბუნდოვანი გარემოებისა, იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქე ხატია ვოლნისტს საბუთში სქესი „მდედრობითი“ ჩაუწერა

როგორც არაერთი მედია საშუალებით თავად მოქალაქე ხატია ვოლნისტმა გახადა საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა დროს, მოქალაქე ხატია ვოლნისტი, დაბადებული ზუგდიდში 1995 წლის 16 მარტს, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსგან დიდი ხანია ითხოვდა, რომ მას, როგორც დაბადებიდანვე მდედრობითი სქესის პირს, საბუთებში არ წერებოდა სქესი „მამრობითი“, მინიჭებოდა პირადი ნომერი და მასზე გაცემულიყო პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

თუმცა, სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური ხატია ვოლნისტს სქესის შესახებ ინფორმაციის გასწორებაზე მკაცრად სამართლებრივ-ფორმალისტური გაგებით ეუბნებოდა უარს, რადგან ზუგდიდის სამშობიაროში 1995 წლის 16 მარტს შესრულებული ჩანაწერის როგორც დედნის, ისე ასლის თანახმად,  ელიზა მიქავა-ვოლნისტს შეეძინა არა გოგონა – ხატია ვოლნისტი, არამედ – ვაჟი.

არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, სააგენტო, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო, ხატია ვოლნისტისგან სავსებით კანონიერად ითხოვდა დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ელიზა მიქავას მშობიარობის რეგისტრაციისას საავადმყოფოში დაშვებულ იქნა შეცდომა და ელიზა მიქავას სინამდვილეში შეეძინა გოგონა. ამგვარი საბუთის წარმოდგენა ხატია ვოლნისტმა ვერ შეძლო და ასევე უარს აცხადებდა მრავალი თვის განმავლობაში, მიემართა სასამართლოსთვის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მიზნით და მიეცა საშუალება სააგენტოსთვის, გაესწორებინა სავარაუდოდ უსწორო ჩანაწერი. თავად სააგენტომ კი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მხოლოდ ზოგიერთი ფაქტის გარკვეული ხარისხით დადგენა შეძლო.

პირველ რიგში დადგინდა, რომ თავად სამოქალაქო რეესტრს  1999 წელს დაბადების რეგისტრაციისას შეცდომა არ დაუშვია, რადგან, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დაბადების სააქტო ჩანაწერში მიეთითა სქესი „მამრობითი“ ზუსტად ისევე, როგორც ეს იყო მითითებული ბავშვის სქესის შესახებ სამშობიაროში გაკეთებულ ჩანაწერში.

ამის საპირისპიროდ, სააგენტომ გამოკვეთა არაერთი ბუნდოვანი, ზოგ შემთხვევაში საეჭვოც, გარემოებები ამ საქმეში.

კერძოდ, სააგენტომ ვერც ის დაადგინა უტყუარად, რომ ზუგდიდის სამშობიაროში არ იქნა დაშვებული შეცდომა ბავშვის სქესის ასახვისას და ვერც ის დაადგინა, ნამდვილად, რომ იქნა შეცდომა დაშვებული და ელიზა მიქავას სინამდვილეში ვაჟი არ შეეძინა, როგორც ამას მოწმობს სააგენტოს მიერ ზუგდიდში ნანახი სამშობიაროს მიერ გაფორმებული ყველა დოკუმენტის დედანი (რომელზეც ხატია ვოლნისტი აცხადებდა, რომ დაიწვა).

სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ზუგდიდსა და რუხში, სადაც შეადგინეს გასაუბრების ოქმები ელიზა მიქავას მშობიარობის მიმღებ მეან-გინეკოლოგთან (რომელზეც ხატია ვოლნისტი აცხადებდა, რომ გარდაცვლილია), ასევე ბებია ქალთან და მეზობლებთან.

ექიმებმა განაცხადეს, რომ მაშინდელი წესების თანახმად, ახალშობილთა სარეგისტრაციო ჟურნალის შევსება ხორციელდებოდა ბავშვის დაბადებისთანავე სამშობიარო ბლოკში და მასში მითითებულ მონაცემის გასწვრივ ფიქსირდებოდა მშობიარობის მიმღები ექიმების და ბებია ქალის მონაცემები და ხელმოწერები. მშობიარობის შემდეგ ბავშვს უკეთდებოდა სამაჯური, რომელზეც ფიქსირდებოდა დედის სახელი, მშობლების გაერთიანებული გვარი, ახალშობილის სქესი, დაბადების თარიღი, ახალშობილის  წონა, სიმაღლე. მრავალწლიანი სამუშაო სტაჟის განმავლობაში ექიმს და ბებია ქალს ახალშობილის სქესის შეცდომით დაფიქსირების  ფაქტი არ  გაახსენდათ.

სააგენტოში გამართულ ზეპირ სხდომაზე, ელიზა მიქავამ დაადასტურა, რომ მის მიერ გაჩენილ ბავშვსაც გაუკეთეს სამაჯური ზედ შესაბამისი ინფორმაციებით, რომ ამ სამაჯურზე ეწერა სქესი „მდედრობითი“, მაგრამ ეს სამაჯური დაკარგა და სააგენტოს წინაშე ვერ წარმოადგენდა.

სააგენტომ ვერ გამოარკვია, რატომ დაარეგისტრირა ელიზა მიქავას ძმამ 1995 წლის 16 მარტს დაბადებული ელიზა მიქავას ბავშვი მხოლოდ 1999 წლის იანვარში; რა პირობებში შეიძლებოდა დაკარგულიყო ახალშობილის სამაჯური მითითებით მდედრობით სქესზე; გარემოებები, რომელშიც სამშობიარო პერსონალმა ჩანაწერი განახორციელა ელიზა მიქავას მშრობიარობის შემდეგ; რატომ არ იქნა ხატია ვოლნისტი დაბადებიდან მოკლე ხანში ზუგდიდის პოლიკლინიკაში აღრიცხვაზე აყვანილი და რატომ მოხდა ეს მოგვიანებით სხვა ქალაქში; და მრავალი სხვა გარემოება, რომელზე დეტალების გასაჯაროებასაც, რაკი თავად ხატია ვოლნისტს მათზე არ უსაუბრია თავისი საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუებისას, სააგენტო საჭიროდ არ თვლის.

ბავშვის დაბადებისას სამშობიაროში გაკეთებული ჩანაწერიდან გამომდინარე პრობლემის აღმოფხვრის განგრძობადი ხასიათი განაპირობებს იმას, რომ ხატია ვოლნისტს დღემდე არ აქვს მინიჭებული მოქალაქის პირადი ნომერი, არ აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთები, რაც პირდაპირ უარყოფითად აისახება არა მხოლოდ მისი, არამედ მისი მცირეწლოვანი შვილისა და მეუღლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. კერძოდ, ხატია ვოლნისტისა და მისი მეუღლის ოჯახში დღემდე არსებობს ისეთი გადაუჭრელი საკითხები, როგორიცაა ქორწინების რეგისტრაციის შეუძლებლობა, ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შეუძლებლობა, ხოლო ხატია ვოლნისტი, რომელსაც არ გააჩნია პირადი ნომერი, ვერ შედის სამართლებრივ ურთიერთობებში, ვერ აგრძელებს სწავლას, და სხვ.

სააგენტო მიიჩნევს, რომ ასეთი კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ინდივიდის ინტერესი გადაწონის სააგენტოს ინტერესს, დაელოდოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის დნმ ტესტის ჩატარების ან/და სხვა გზებით, ხატია ვოლნისტის საქმეზე იმ ბუნდოვანი თუ საეჭვო საკითხების საბოლოოდ გამორკვევას, რომლებიც ზევითაა მოცემული.

სააგენტომ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაძლო პროცედურა ჩაატარა  მოცემული საკითხების გამოსარკვევად სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გამორკვევისას ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი რამ გარემოება, რაც დაინტერესებული მხარეების, ასევე მოწმეების მიერ მოტანილ ფაქტებს აშკარად სადავოდ გახდიდა, ან პირიქით – მათ სრულ სანდოობას დაადასტურებდა. თუმცა, მომავალში, სასამართლოს ან სხვა გზით შესაბამისი ფაქტების დადგენის შემთხვევაში, სააგენტოში დაცული მონაცემების კორექტირება შესაძლებელი იქნება კანონით დადგენილი წესით.

ყველა შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს სასამართლოს ან სხვა გზით განხილვის შედეგი ბუნდოვან გარემოებებთან დაკავშირებით, ის ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს იმ უტყუარ რეალობაზე, რომ ხატია ვოლნისტი დაბადებიდანვე მდედრობითი სქესისაა. ეს საკითხი არც არის ან ყოფილა სადავოდ გახდილი ვინმეს მიერ სააგენტოს წინაშე.

ამიტომაც, სააგენტომ გადაწყვიტა, რომ სასამართლო განხილვისა და არაერთი ზემომითითებული საკითხის გარკვევის მოლოდინში, დაბადებიდანვე მდედრობითი სქესის პირის ხატია ვოლნისტისთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთის გაუცემლობა სქესით „მდედრობითი“ არათანაზომიერია იმ პრობლემებისა, რასაც უსაბუთობა იწვევს ხატია ვოლნისტის, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილისთვის.

სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილება მოქალაქე ხატია ვოლნისტს დღეს უნდა ჩაბარდეს.