იუსტიციის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების პავილიონი ოზურგეთში იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოეწყო.

1იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპეციალური პროგრამით გურიაში აღნიშნავს. იუსტიციის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების პავილიონი ოზურგეთში იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოეწყო.

წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მთავარი თემა შოთა რუსთაველი და „ვეფხისტყაოსანია“.

როგორც ცნობილია, „ვეფხისტყაოსანი“ 16-მარცვლიანი შაირის ფორმითაა დაწერილი. სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტროს მიერ სპეციალურად აშენებულ „ვეფხისტყაოსნის“ ქალაქში მოეწყო 16 კუთხე, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვთ, პოემის თემატიკაზე შემეცნებით-გასართობ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა.

იუსტიციის სისტემის სსიპ-ების აქტივობები კუთხეებთან დაიგეგმა თემატურად − სსიპ-ების საქმიანობასა და პოემასთან შესატყვისად. მაგალითად, ნოტარიუსთა პალატის სტენდთან მოთამაშეს ავთანდილის ანდერძის გაშიფვრა მოუწევს. ასევე, „ვეფხისტყაოსნის“ ქალაქში გელით შემდეგი გასართობ-შემეცნებითი თამაშები:
· აღმოაჩინე ახალი
· ამოხსენი „ვეფხისტყაოსნის“ „ალგორითმი“
· ინადირე
· აღმოაჩინე განძი
· გამოიცანი „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ეპიზოდი
· ააწყვე „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი სცენა ფაზლებით
· აფორიზმობანა
· „ლეკვი ლომისა სწორია“
· მიუჩინე „ვეფხისტყაოსნის“ 7 სამეფოს თავისი ადგილი
· ლაბირინთი და ბევრი სხვა

თითოეულ კუთხესთან გამარჯვებული სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებს. ყველა თამაშის გამარჯვებულს კი ელის სიურპრიზი.
აღნიშნული აქტივობების გარდა, იუსტიციის ქალაქში ცალკე პროგრამაა ბავშვებისთვის.
გარდა ამისა, ყველა წყვილი, ვინც 26 მაისს ხელს მოაწერს, მიიღებს ქორწინების განსხვავებულ მოწმობას. მოწმობის ყდის პირველ გვერდზე დატანილი იქნება წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!“ მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“ ამ ტექსტის ქვემოთ კი − „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.

ამავე დღეს, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მართავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენას, სადაც წარმოდგენილია 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალები.

წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებს სამინისტროები სხვადასხვა ქალაქში მართავენ.