იუსტიციის სახლიდან 10 საზოგადოებრივ ცენტრში ტელეხიდი გაიმართა

2თბილისის იუსტიციის სახლიდან საქართველოს რეგიონების 10 საზოგადოებრივ ცენტრში ერთდროულად პირველად ჩატარდა ტელეხიდი.  გამგეობის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვისა და არალეგალური ნაგავსაყრელების თაობაზე პრეზენტაცია დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში მოისმინეს.
ტელეხიდი 26 აპრილს, გაიმართა და მას  იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე ბარამიძე, შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) სტოკჰოლმის და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები, შვედეთის ელჩი საქართველოში და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, გიგლა აგულაშვილი  დაესწრნენ.
ვიდეოკონფერენციის დროს გამგეობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა გარემოს დაცვა, არალეგალური ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტებში და ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების  პროექტს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 44 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.
საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.