კარიერის დაგეგმვის საკითხებზე საზოგადოებრივ ცენტრში შეხვედრა გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საზოგადოებრივ ცენტრში, 8 მაისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.
შეხვედრის მიზანი იყო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი პროდუქტის სამიზნე აუდიტორიისთვის გაცნობა და სოფელში მცხოვრები მოსწავლე–ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება პროფორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობისა და საჭიროების თაობაზე.
აღნიშნული ტიპის შეხვედრებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, დაეხმარებიან ადგილობრივ ახალგაზრდებს პროფესიის არჩევის, კარიერის დაგეგმვისა და სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების საკითხების მოგვარებაში.
საინფორმაციო შეხვედრაზე გაიმართა სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილი პროფესიული ორიენტაციისათვის განკუთვნილი ვებგვერდის www.myprofession.ge, ფეისბუკის გვერდისა და სახელმძღვანელოს, სახელწოდებით ,,აირჩიე პროფესია” პრეზენტაცია.
,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის’’ ფარგლებში ხორციელდება. მსგავსი შეხვედრები მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

ფოტო გალერეა