კომპიუტერული ტექნიკა ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებისთვის

OLYMPUS DIGITAL CAMERA

OLYMPUS DIGITAL CAMERA

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, დღეს, პროექტ „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.  ახმეტის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში, სადაც ელექტრონული მმართველობა დაინერგა და ამ დრომდე თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს.

სულ პროექტის ფარგლებში  ხუთი საპილოტე მუნიციპალიტეტი შეირჩა: ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი და ყვარელი, სადაც  საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები უკვე მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე, 5 მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 70 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდა. უახლოეს ხანში კი დაიწყება კიდევ 5 საპილოტე მუნიციპალიტეტის შერჩევა, რომელთათვისაც ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიზნით კიდევ 50 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდება.  კომპიუტერები საჭიროებების მიხედვით  მუნიციპალიტეტების გამგეობისა და საკრებულოს შესაბამის სამსახურებში გადანაწილდება.

„პროექტის საბოლოო მიზანია შერჩეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებში სერვისების მართვისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების დანერგვა. ამ სისტემების საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე. ასევე განხორციელდება თვითმმართველობების პროცესების სტანდარტიზაცია და საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა. პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს,  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით საშუალება მიეცა ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას,“-განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.