კომპიუტერული ტექნიკა ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებისათვის

OLYMPUS DIGITAL CAMERA

დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტ „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. კომპიუტერები საჭიროებების მიხედვით  მუნიციპალიტეტების  გამგეობისა და საკრებულოს შესაბამის სამსახურებში გადანაწილდება.

სულ პროექტის ფარგლებში  ხუთი საპილოტე მუნიციპალიტეტი შეირჩა: ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი და ყვარელი, სადაც  საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები უკვე მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, 5 მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 70 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდა, მათგან 31   ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს დღეს გადაეცა.

„პროექტის საბოლოო მიზანია შერჩეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებში სერვისების მართვისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების დანერგვა. ამ სისტემების საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე. ასევე განხორციელდება თვითმმართველობების პროცესების სტანდარტიზაცია და საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა. პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს,  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით საშუალება მიეცა ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას და თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას,“-განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

კომპიუტერების გადაცემის პროცესი მომავალ კვირაში ახმეტის, ყვარელისა და  ხობის მუნიციპალიტეტებში დასრულდება. პარალელურ რეჟიმში უკვე დაიწყება კიდევ 5 საპილოტე მუნიციპალიტეტის შერჩევა, რომელთათვისაც ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიზნით კიდევ 50 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდება.