მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში  ევროპელ ჟურნალისტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

12719155_906275256161782_3378169260739161808_o6 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში ევროპელ ჟურნალისტებთან ევროკავშირში უვიზო  მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

ევროკომისიის კონტრაქტორი ორგანიზაციის – European Journalism Centre – მიერ მოწვეულ ჟურნალისტებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი ჯაშმა და პროექტის – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – დირექტორმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლეს.

უცხოელმა სტუმრებმა საოკუპაციო ზოლის  მახლობლად გახსნილი, სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. როგორც ცნობილია, საოკუპაციო ზოლის  მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრები იუსტიციის მინისტრის ინიციატივით აშენდა. დღეს ფუნქციონირებს შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევისა და აფხაზეთთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ორსანტიისა და რუხის ცენტრები. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სერვისების შეუფერხებლად მიღება კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება აქვს, ისარგებლოს  სახელმწიფო თუ კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, ბიბლიოთეკით,  მონაწილეობა მიიღოს საჯარო შეხვედრებში და ა.შ.

შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იყო ვიზალიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული სამუშაოები, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები.  მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი უცხოელ სტუმრებს ესაუბრა ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ წამოწყებულ კამპანიაზე, რომელიც სამინისტროს მიერ პასპორტების გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას ისახავს მიზნად. ხსენებული კამპანიის ფარგლებში მომზადდა სპეციალური ბროშურა, რომელშიც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რათა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტის აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა; ოპერატორებმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა ბროშურაში აღწერილი ძირითადი საკითხი მოქალაქეებს ადგილზე განუმარტონ.

ევროპის ოცამდე ქვეყნის მედიასაშუალებების (Le Figaro, El pais, ANSA და ა.შ.) წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით 5 აპრილს ჩამოვიდნენ. გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მოწვეულ ჟურნალისტთა ჯგუფის საქართველოში  ვიზიტი მიზნად ისახავს ევროპული პრესისთვის  სამეზობლო ქვეყნების გაცნობას.   ამავე ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია შეხვედრები  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრთან, ევროკავშირის ელჩთან, ჟურნალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ასევე იგეგმება პენიტენციარული სისტემის გაცნობაც. ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს 7 აპრილს დატოვებს.