მიგრაციის საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება საზოგადოებრივ ცენტრებში

01საზოგადოებრივ ცენტრებში მიგრაციის საკითხებზე საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება გახდება ხელმისაწვდომი.

დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესით აღებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი კომპონენტი მიგრაციის მართვის გაუმჯობესებაა. მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ექვს საზოგადოებრივ ცენტრში (სართიჭალა, მეჯვრისხევი, ხევი, გეგუთი, მუხაესტატე, ჯვარი) მიგრაციის საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობის ეფექტურად ინფორმირებისთვის საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომელთა  გადამზადება მოხდება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის საბაზისო ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა.

პროექტის თანახმად, ცენტრების ოპერატორები ადგილობრივ მოსახლეობას (თურქეთისა და საბერძნეთის მაგალითების გათვალისწინებით) ლეგალური და არალეგალური მიგრაციის თემებზე ინფორმაციას მიაწვდიან;  Skype-ს მეშვეობით მიგრანტებს საკუთარი ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად დახმარებას გაუწევენ; პოტენციურ მიგრანტებს ორგანიზაციის იურისტებთან დაკავშირებაში დაეხმარებიან და მიგრანტებისთვის შექმნილ Facebook ჯგუფში დაინტერესებული პირის გაწევრიანებას უზრუნველყოფენ.

აღნიშნული ინიციატივა მხარდაჭერილია პროექტების „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ და “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივა“  ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით).

პროექტი მემორანდუმის გაფორმებიდან შვიდი თვის განმავლობაში განხორციელდება და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სამომავლოდ ანალოგიური პროექტები სხვა სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებშიც დაიგეგმება.