მოქალაქის პორტალის პრეზენტაცია გეგუთის და მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში

1948239_564232793718129_7175840110463498756_nსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოქალაქის პორტალის (MY.GOV.GE) პრეზენტაციების ციკლს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართა. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურად გააცნეს მოქალაქის პორტალის (www.my.gov.ge) გამოყენების ინსტრუქცია, ისაუბრეს მის უპირატესობებზე და წარმოადგინეს ყველა ის მნიშვნელოვანი ელექტორნული მომსახურება, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით შეუძლიათ.

მოქალაქის პორტალით სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის მიღებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი სახელისა და პაროლის დარეგისტრირება საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

მოქალაქის პორტალზე მომხმარებელი რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას – იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა. მომხმარებელს, მაგალითად, შეუძლია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეიცვალოს მისამართი, განაახლოს ქონების ამონაწერი, ელქტრონულად გამოითხოვის საჯარო ინფორმაცია ან დაარეგისტრიროს კომპანია და წამოიწყოს ბიზნესი. ყველა მომსახურება შესაბამისი კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, რაც ამარტივებს სასურველის არჩევას. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო ყველა ის მომსახურება, რომელსაც ხშირად იყენებს, საკუთარი შეხედულებისამებრ განათავსოვს პირად გვერდზე. დღეისათვის პორტალზე ხელმისაწვდომია 70-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება.

„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული სერვისებისა და მათი გამოყენების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ამავე სააგენტოს პროექტის ფარგლებში შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრები. ჩვენი სურვილია, რომ ელექტრონული მმართველობა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის ელექტორნულად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიღების შესაძლებლობაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში პორტალის მეშვეობით რეგიონების მოსახლეობას კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებული სერვისების ელექტრონულად მიღების შესაძლებლობაც მიეცემა“, – ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

მსგავსი სახის შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ეტაპობრივად ჩატარდება.

ფოტო გალერეა