პანკისობის სახალხო დღესასწაული 2017

IMG_9534საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პანკისობის სახალხო დღესასწაულს უერთდება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე დღეს სოფელ დუისს ეწვია და პანკისელებს დღესასწაული მიულოცა. მინისტრის მოადგილესთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე. იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დუისელებს საინტერესო და სახალისო პროგრამა წარუდგინეს.

მიხეილ სარჯველაძემ ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი წარუდგინა და კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელთა გაცემასაც საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საზოგადოებრივი ცენტრების პროექტს პანკისის ხეობაში განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, რადგან 2014 წლის შემოდგომიდან აქ ცენტრი უკვე ფუნქციონირებს. მიხეილ სარჯველაძემ და სოსო გიორგაძემ მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში, ასევე, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისათვის სახელმწიფო სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიწოდება 2013 წლიდან უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პანკისის საზოგადოებრივი ცენტრი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც საზღვრის სიახლოვეს გაიხსნა.

დუისში საზოგადოებრივი ცენტრის აშენება ადგილობრივ მოსახლეობასთან იუსტიციის მინისტრის შეხვედრაზე გადაწყდა. პანკისელებმა თეა წულუკიანთან სახელმწიფო სერვისების მიღების სირთულეზე ისაუბრეს და ამ პრობლემის მოგვარება სთხოვეს. მინისტრი დუისის მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრის აშენებას დაჰპირდა და დაპირება უმოკლეს დროში შეასრულა. 2014 წლის 28 ოქტომბრიდან პანკისში საზოგადოებრივი ცენტრი ამოქმედდა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუმარტივა დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაცია, ქონების გაფორმება და სხვა სერვისები. იუსტიციის სამინისტროს მომსახურების გარდა, ცენტრში სხვა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 200-მდე მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. საზოგადოებრივ ცენტრში მუშაობს თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას დუისში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც. საზოგადოებრივი ცენტრი პირველი თანამედროვე და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შენობაა პანკისის ხეობაში, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევით აშენდა.

იუსტიციის სამინისტროსაგან სპეციალური საჩუქარი მიიღეს დუისში მცხოვრებმა ბავშვებმაც. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე შექმნილი თამაში შესთავაზა, გამარჯვებულები კი სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

პანკისობის დღესასწაულში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.