პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერების მიზნით ახალი ეტაპი იწყება

mtavariპერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობის ახალ ფაზაზე გადადის.
სერვისების განვითარების სააგენტომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნები, დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, წარმატებით შეასრულა და სააგენტოში მიმდინარე პროცესების დახვეწას განაგრძობს. აღნიშნული ინიციატივის მიზანი პერსონალურ მონაცემთა უწყვეტი დაცვის უზრუნველყოფაა.
12 აპრილს იუსტიციის სახლში აღნიშნული თანამშრომლობის პროგრამის თაობაზე პირველი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი პატარიძემ და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის თანაშემწემ, ნათია ნაცვლიშვილმა გახსნეს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის მფლობელი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამცემი ორგანო, მუდმივად ზრუნავს საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე პერსონალურ მონაცემთა საიმედოდ დაცვის მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების დამკვიდრებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობაზე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ბიზნესპრაქტიკის რისკების ანალიზს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ადამიანის უფლებების შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვის პოპულარიზაციას.

თანამშრომლობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის – „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა“ – ფარგლებში. პროგრამა გაეროს ოთხი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) – ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.