რუხის სავაჭრო ცენტრის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი სახელმწიფო სერვისებს გლდანის “სითი მოლი“ გასცემს.

5რუხის სავაჭრო ცენტრის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი სახელმწიფო სერვისებს გლდანის “სითი მოლი“ გასცემს.
სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის მორიგი მაგალითი – გლდანის “სითი მოლში“ დღეს საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა გახსნა. სავაჭრო ცენტრში ინტეგრირებული საზოგადოებრივი ცენტრი პირველად, თეა წულუკიანის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში 2016 წელს გაიხსნა. ამჯერად, საზოგადოებრივი ცენტრის ინტეგრირება და სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სახელმწიფო და კერძო სერვისების გაცემა გლდანში მოხდება, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კერძო სექტორი აღიარებს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სახელმწიფო სერვისების მიწოდების იდეის ნოვატორულობასა და წარმატებას.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანაა. საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, გლდანის და ნაძალადევის რაიონი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი დასახლებაა, სადაც დღეისათვის 300 000 – მდე ადამიანია რეგისტრირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა დიდ სავაჭრო ცენტრში გადაწყდა, რათა მოსახლეობამ საკუთარ რაიონშივე შეძლოს სახელმწიფო სერვისების მიღება. გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში, კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად მიიღებს: პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (პირადობის მოწმობა, პასპორტი), დაარეგისტრირებს ქონებას, მიიღებს ბიოგრაფიულ ცნობებს არქივიდან და სხვა სერვისებს. საზოგადოებრივ ცენტრში ასევე განთავსებულია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ოფისებიც.
გლდანის მცხოვრებლებს 1 აგვისტოდან შეუძლიათ, მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო და იუსტიციის სახლში ვიზიტის გარეშე, ადგილზევე ისარგებლონ საზოგადოებრივი ცენტრის მრავალფეროვანი სერვისებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ფუნქციონირებს 45 საზოგადოებრივი ცენტრი. წელს კიდევ რამდენიმე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება.