სერვისების განვითარებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

14258312_1011277285661578_7814081533688477459_oსახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოების შორის, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის საფუძველზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვის მიზნით, მხარეები საზღვაო სფეროს მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებენ.

აღსანიშნია, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა 2012 წლიდან დაიწყო. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და შესაბამისი დოკუმენტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში. ამის მაგალითს „მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ პროექტი წარმოადგენს, რის საფუზველზეც ქართველ მეზღვაურებზე სრულიად ახლებური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებული პასპორტები და კომპეტენციის დამადასტურებელი სერთიფიკატები გაიცემა.

ასევე მიმდინარე წლის 12 აგვისტოს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით აამოქმედდა საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის სისტემის შექმნის პროექტი, რის შედეგადაც საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციის პირობები გაუმჯობესდება.

აღნიშნული ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვით, ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონულ ფორმატში ინფორმაციის მოპოვება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ ყველა გემზე, ამასთან გამარტივდება და დაიხვეწება გემთმფლობელთა რეესტრის წარმოება.