სადახლოსა და ფოკაში ქართული ენის შესწავლის უფასო კურსები დაიწყო

qartuli enis kursebiქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის გრძელდება. 2 აპრილიდან ქართულ ენის შესწავლის შესაძლებლობა სადახლოსა და ფოკას მოსახლეობას ექნება.

ქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მოქმედებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს, უკეთ დაეუფლონ სახელმწიფო ენას, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ განათლება ქართულ ენაზე, უკეთ გაიცნონ ქართული ლიტერატურა, ისტორია და კულტურა, დასაქმდნენ საქართველოში და თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ.

ქართული ენის შეწავლის სურვილი სადასახლოსა და ფოკას 200-მდე მცხოვრებმა გამოთქვა. მათ შორის არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე უფროსები. სასწავლო პროგრამა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება და ის 24 აკადემიურ საათს მოიცავს.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება. მასში ჩართულია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. სასწავლო კურსები საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რაც ენის შესწავლას უფრო ადვილსა და სახალისოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქართული ენის შემსწავლელი კურსები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ყვარელწყალის (დუისი), სართიჭალის, კაბალისა და ფოკის საზოგადოებრივ ცენტრებში ადრეც ჩატარდა.

იუსტიციის სამინისტრო ქართული ენის სწავლების კურსების ორგანიზებას ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის მომავალშიც გეგმავს.

4.04.2016