სადახლოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

01სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა. 16 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში რიგით ოცდამეათე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას მინისტრის პირადი მიწვევით ესწრებოდნენ საფრანგეთის სენატის წევრები პასკალ ალიზარი, ჟიზელ ჟურდა და ფაბრის ჰუგო, რომლებიც საქართველოში ვიზიტად იმყოფებიან. გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ამავე ღონისძიებას ესწრებოდა ჟურნალისტი და პუბლიცისტი  რამილია ალიევა, რომელიც წარმოშობით თავადაც ამ რეგიონიდანაა.

სომხეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელი სადახლო მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელია. საკრებულოში რამდენიმე სოფელი ირიცხება: სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, ბურმა და თაზაქენდი. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია.

საზოგადოებრივი ცენტრი სადახლოს საკრებულოში მცხოვრებ 15 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც; საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

სოფელ სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა, ხოლო მკვიდრი  და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს. საზოგადოებრივ ცენტრში კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, ადგილობრივები საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებით; შედეგად, ყველა ამ სერვისისთვის სოფლიდან გასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ დროსა და ფინანსებს დაზოგავს.

საზეიმო გახსნის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რამილია ალიევასთან ერთად მკვიდრ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მინისტრი ადგილობრივ ქალბატონებს და სკოლის მოსწავლეებს ჟურნალისტის მაგალითზე იმ  წარმატებაზე ესაუბრა, რომელიც  სახელმწიფო ენის სრულყოფილ ცოდნას უკავშირდება. სადახლოშიც, სხვა მრავალი საზოგადოებრივი ცენტრის მსგავსად,  ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსები ამოქმედდება. ეს იქაურ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, სოფლიდან გაუსვლელად სრულიად უფასოდ დაეუფლოს ქართულ ენას.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივებს ახალი პროექტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. პროექტი „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად  უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს დახმარებას გაუწევენ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვებაში, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის  მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში.

პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში საქმიანობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტურად განხორციელების უნარები.

პროექტი საქართველოში  მოქმედ ყველა საზოგადოებრივ ცენტრში განხორციელდება.

ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყლის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბლის, ლენტეხის, დაბა ჩაქვისა და ხრეითის მოსახლეობას.