საერთაშორისო კონფერენცია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ

saxliსაქართველოს პარლამენტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „მიღწევები საქართველოში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხრივ“.

ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში იუსტიციის სამინისტროს მხრიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე მონაწილეობდა. ღონისძიებაზე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ისაუბრეს; განიხილეს მთავრობის საინფორმაციო სტრატეგია ევროინტეგრაციის სფეროში, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგი, რიგის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები და სამიტის შესაძლო შედეგები.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ევროინტეგრაციის პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლზე ისაუბრა. გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების სფეროში გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის პროცესი მიგრაციული პროცესების გააქტიურებას იწვევს და აუცილებელია, საქართველო ამ პროცესისთვის მზად იყოს.

„ევროინტეგრაციის პროცესი იწვევს მიგრაციული პროცესების გააქტიურებას. შესაბამისად, საქართველოსათვის აუცილებელია, სათანადოდ იყოს მზად, არსებობდეს მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს თავისუფალ გადაადგილებას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება. უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებაში. ევროინტეგრაცია, ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა − ეს არის ჩარჩო, რათა ჩვენ საქართველოში დავამკვიდროთ ინსტიტუციური დემოკრატია; ისეთი დემოკრატია, სადაც გვაქვს ეფექტური ინსტიტუტები“, − აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კონფერენციაში სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, სტუდენტები, მასწავლებლები, ევროკავშირისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე გაიმართა კონკურსის − „რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან“ − მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა.