საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის შესახებ შუალედურ ანგარიშს გაეცნენ

13083167_917807615008546_1411564399724348144_n„საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში 27 აპრილს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში წარუდგინეს.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს (OSGF), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფართომასშტაბური ღონისძიებების შუალედური ანგარიში მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა სამხარაძემ გააცნო. სააგენტომ პროექტი სწორედ იმისთვის შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს: მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.

სააგენტო ინტენსიურად მუშაობს მონაცემთა ბაზების ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით განხორციელებულია მთელი რიგი ღონისძიებები, კერძოდ:
გარდაცვლილ და არასრულწლოვან პირთა ფოტოსურათების შედარება საარჩევნო უფლების მქონე ყველა პირის სურათთან, რაც მონაცემთა ბაზაში სავარაუდო გაორებების აღმოფხვრას ისახავს მიზნად;
გარდაცვალების ისეთი ფაქტების გამოვლენა, რომლებიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოს მიერ;
უსურათო და უხარისხო სურათების მქონე მონაცემების მაქსიმალურად შემცირება;
მოქალაქის სქესის აღმნიშვნელ გრაფაში შეუსაბამობის გასწორება და ბაზაში კონკრეტული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემზე მიბმული ფოტოსურათების გასწორება;
საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტებისთვის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არარსებული ფოტოსურათების მოძიება და მათი მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება;
იურიდიულად ძალადაკარგული დოკუმენტების მფლობელი და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც აღნიშნული სეგმენტისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილია გაორების 481 ფაქტი, დარეგისტრირებულია 210 გარდაცვალების აქტი, აღდგენილია 1 554 ფოტოსურათი, შესწორებულია 252 ხარვეზიანი ჩანაწერი, საფასურის გადახდის გარეშე გაცემულია 57 000-მდე პირადობის მოწმობა.

ამავე შეხვედრის ფარგლებში არასამთავრობო სექტორს „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. „საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი 2016 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკოს, მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, არჩევნებამდე, სულ მცირე, 11 დღით ადრე მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.