საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა

13914153_1757539114503016_958296957863787159_oიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 1 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეს მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.

საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და საზღვრისპირა სოფლებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია აწარმოებს, რომლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. საზოგადოებრივი ცენტრი ვალესა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.