საზოგადოებრივი ცენტრების 3 წლის იუბილე

OLYMPUS DIGITAL CAMERA

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტ საზოგადოებრივ ცენტრს 3 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიება საქართველოში არსებული 25 საზოგადოებრივი ცენტრიდან ერთ-ერთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში საზეიმოდ აღინიშნა.

3 წლის იუბილეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა განვლილი 3 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში მოქმედ 25 საზოგადოებრივ ცენტრს წლის ბოლომდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ 7 საზოგადოებრივი ცენტრი შეემატება, 2016 წლის ბოლომდე კი საზოგადოებრივი ცენტრების რაოდენობა 50-ს მიაღწევს.

„საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისი. საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე ხელმისაწვდომია შეხვედრების ოთახი, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები. მოხარული ვართ, რომ ასეთ მნივნელოან პროექტს სწორედ ჩვენ ვახორციელებთ და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო  სერვისების მიღების პროცესს ვუმარტივებთ,“- აღნიშნა შიო ხეცურიანმა.

ამჟამად 25 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს შემდეგ სოფლებში: კაჭრეთი, ყვარელწყალი, მუხაესტატე, გეგუი, მეჯვრისხევში, შაშიანი, სართიჭალა, გომი, რუისი, ხევი, მანგლისი, კოდა, შორაპანი, ნიგოითი, ჭალადიდი, ჯვარი, ფოკა, ხიდისთავი, ნუკრიანი, კორბოული, ღორეშა, კაზრეთი, შილდაი, ორსანტია და ქვემო ნატანები.