დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

12819185_1700120473578214_9103912748288381993_oსახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა. 14 მარტს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში  რიგით ოცდამეთორმეტე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მინისტრმა სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას საზოგადო მოღვაწის − ნიკო ნიკოლაძის, მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა. როგორც ცნობილია, ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე  1843 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში დაიბადა, რომლის მოღვაწეობასაც უკავშირდება საქართველოში რკინიგზისა  და ფოთის პორტის მშენებლობა; ასევე, სამტრედიის, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, ჩამოყალიბება. სოფელში ნ. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, რომელიც, როგორც ცნობილია, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია.

ჯიხაიშის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნასთან ერთად, ადგილობრივი წყვილის − დავით კოხრეიძისა და ინგა ხარაიშვილის − ქორწინებაც დარეგისტრირდა, რომელსაც თეა წულუკიანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საზოგადოებრივი ცენტრი დიდ ჯიხაიშში მცხოვრებ 4 500 -ზე მეტ მომხმარებელს და მიმდებარე სოფლის მოსახლეობას მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას,  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაც შეეძლებათ.

 დიდი ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს. საზოგადოებრივ ცენტრში კომფორტულ გარემოში ადგილობრივები მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, ისინი საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებით. სოფლის მკვიდრთ ყველა ამ სერვისისთვის სოფლიდან გასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ დროსა და ფინანსებს დაზოგავს.

საზეიმო გახსნის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივ მკვიდრთ ახალი პროექტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. პროექტი „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად  უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ  ცენტრში მისულ მომხმარებლებს დახმარებას გაუწევენ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის პოვნაში, ტექსტის აკრეფაში,  ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის  მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში. პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, აითვისონ თანამედროვე გარემოში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. პროექტი საქართველოში  მოქმედ ყველა  საზოგადოებრივ ცენტრში განხორციელდება.

ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყლის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბლის, ლენტეხის, დაბა ჩაქვის, ხრეითის, სადახლოსა და რუხის მოსახლეობას.