საოკუპაციო ზოლის მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

14206020_1775159039407690_2478249745408950437_oრეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. საქართველოში ის რიგით 36-ეა. საოკუპაციო ზოლის მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო. მეჯვრისხევში, ორსანტიასა და რუხში უკვე მოქმედებს საზოგადოებრივი ცენტრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებოდეთ კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებს. ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. ცენტრი სოფლების − ფლავისმანის, მარანას, ფლავის, ტირძნისის, ბროწლეთის, ერგნეთის, თერგვისის, მეღვრიკისის, მერეთის, კარბის, ქერეს, ზარდიაანთკარის, ბუბუტიაანთკარი, კოშკას, დიცის, ქორდის, არბოს, ძევერას, სათემოს, ქიწნისისა და შერთულის − 20 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. ახლად გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა. ცენტრი მოსახლეობას დროისა და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს: ადგილობრივები სოფლიდან გაუსვლელად მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის, ქორწინების რეგისტრაციას და სხვა. ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. ტყვიავის გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 35 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, დაბა ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, იორმუღანლოში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალსა და არხილოსკალოში. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.