სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სიმპოზიუმი

01სერვისების განვითარების სააგენტოს დელეგაცია, თავმჯდომარე შიო ხეცურიანის ხელმძღვანელობით, კანადაში, ქალაქ მონრეალში იმყოფება, სადაც სამგზავრო დოკუმენტებისადმი მიძღვნილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-11 სიმპოზიუმი და გამოფენა მიმდინარეობს.
სააგენტოს დელეგაცია გაეცნო სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებული სტანდარტების განვითარების მიმართულებებს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სააგენტოს მიერ გაცემული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების განვითარების და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივი თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
სააგენტოს დელეგაციის განსაკუთრებულ ინტერესს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ღია გასაღებების დირექტორიაში (ICAO PKD) გაწევრიანება წარმოადგენს.
„ICAO PKD ელექტრონული დოკუმენტების უტყუარობის დადგენის ხელშემწყობი სისტემაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სისტემაში შეინახება მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ კონკრეტული პასპორტი სააგენტოს მიერ გაიცა. ეს მონაცემები ერთიდაიგივეა რამდენიმე ათეული ათასი პასპორტისთვის. ამდენად, მათგან კონკრეტული პასპორტის მფლობელის მონაცემების გამოყვანა სრულიად გამორიცხულია. ICAO PKD-ში გაწევრიანება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სახელით გაცემული დოკუმენტების საიმედოობას,“-განაცხადა სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.
დელეგაციამ უკვე გამართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაწევრიანების სხვადასხვა პრაქტიკული დეტალის დასაზუსტებლად. მიღებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს სააგენტოს, მიაღწიოს გაწევრიანებას აღნიშნულ დირექტორიაში 2016 წლის დასაწყისში და ამავე წლის განმავლობაში დაასრულოს ICAP PKD-ს სისტემაში ინტეგრაციისათვის საჭირო სამუშაოები.