სამუშაო შეხვედრა – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“

01სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, GIZ – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად 9 და 10 ოქტომბერს ჩაატარეს სამუშაო სახის შეხვედრები ბორჯომში, სასტუმრო რიქსოსში, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ახმეტის, ხობის, ქარელის, ყვარელის, ხაშურის, მცხეთის, ჩხოროწყუს, ქალაქი გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ მუნიციპალიტეტების ინფორმირება, სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული სოციალური პროგრამების გაცნობა და სააგენტოს კუთვნილ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის მიმართ ცნობიერების გაზრდა.

შეხვედრაზე ასევე განხორციელდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის, „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დემონსტრირება, სადაც იქ წარმოდგენილ ცხრავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ სისტემის მუშაობის ძირითად პრინციპებს. აღნიშნული სისტემის საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე.