სამუშაო შეხვედრა ელექტრონული აპოსტილის დანერგვის ხელშესაწყობად

01საქართველოში ელექტრონული აპოსტილის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, დღეს, სასტუმრო „ამბასადორში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს ელექტრონული აპოსტილის სისტემაზე მომუშავე უცხოელმა ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ამავე შეხვედრაზე, საქართველოში ელექტრონული აპოსტილის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყანაში არსებული ტექნიკურ-საოპერაციო გარემოს შესწავლა-შეფასება მოხდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გაიცა.
სერვისების განვითარების სააგენტოში ელექტრონული დოკუმენტების, საკანონმდებლო რეგულაციების, ელექტრონული დოკუმენტების დიზაინის და ტექნიკურ–საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წარსადგენად ხშირად სჭირდებათ აპოსტილით დამოწმებული დაბადების, ქორწინების მოწმობებისა და სხვა საბუთების წარდგენა. შესაბამისად, უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ელექტრონული აპოსტილით მომსახურება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვნად გაადვილებს საქმისწარმოებას, გაცილებით ეფექტურს გახდის მომსახურების სფეროს და საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ელექტრონულად გადააგზავნონ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი მიმღებ ქვეყნებში. აღნიშნული სისტემით, კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში გაცემული და დამოწმებული დოკუმენტების სანდოობის ხარისხი.
სამუშო შეხვედრა „ელექტრონული აპოსტილი საქართველოში“, ICMPD-ის მხარდაჭერით ჩატარდა და შეხვედრას უცხოელი ექსპერტები მაიქლ ლაიტაულერი (Michael Lightowler), სტივ როილენსი (Steve Roylance) და პიტერ რაიჰშტედერი (Peter Reichstaedter) უძღვებოდნენ.