საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განსაკუთრებული როლი შეასრულა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში

16403370_1176645972383982_2155812336711232734_o (1)საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განსაკუთრებული როლი შეასრულა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში

კერძოდ:

საქართველო გადავიდა მიგრაციის მართვის ევროპულ სტანდარტებზე;
შემუშავდა ახალი ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ – მოქმედი ნორმები შესაბამისობაში მოვიდა „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ გაერო-ს 1961 წლისა და „მოქალაქეობის შესახებ“ 1997 წლის ევროპულ კონვენციებთან;
შემუშავდა ახალი კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის“ შესახებ – ახლებურად მოწესრიგდა მიგრაციასთან და მიგრანტების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები;
შემუშავდა ახალი რეგულაციები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებით;
დამტკიცდა საქართველოს 2013-2015 წლებისა და 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტები, მომზადდა ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან, ქართველ მიგრანტთა დაბრუნება და რეინტეგრაცია, თავშესაფრის პოლიტიკა, ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, საინფორაციო კამპანია, მიგრაცია და განვითარება და ა.შ.;
სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ დაიწყო და გრძელდება ქვეყანაში არსებული ყველა სამოქალაქო აქტის დიგიტალიზაცია. ყოველ წელს, სააგენტოს თანამშრომლების მიერ ხდება საშუალოდ 2 მილიონი გვერდის გაციფრულება. 2014 წლის ბოლოსთვის 5 მილიონზე მეტი აქტის დიგიტალიზაცია იყო დასრულებული, ხოლო 2016 წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 7 მილიონზე მეტს შეადგენს. 2014 წელს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება და დადგენილ იქნა, რომ დიგიტალიზაციის ეს პროექტი 2024 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, რაც 10 მილიონზე მეტი აქტის დიგიტალიზაციას გულისხმობს;
პირადობის დამადასტურებელი უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის უზრუნველსაყოფად 2013 წლის აგვისტოში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პროექტი;
წარმატებით მიმდინარეობს ვიზალიბერალიზაციისათვის აუცილებელი პრინციპის − „ერთი ადამიანი − ერთი საბუთი“ − უზრუნველყოფა: უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში გაიცა 2 061 732 ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც უსაფრთხო დოკუმენტია; ბოლო ოთხი წლის მანძილზე გაცემული 2 061 732 ელექტრონული პირადობის მოწმობიდან, იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, 964 398 ბარათი გაიცა უფასოდ, ხოლო 190 864 – შეღავათიან ფასად. ბიომეტრიული პასპორტებით ნაცვლდება ძველი პასპორტები, მათ შორის, 2014 წლის 28 ივლისიდან − საზღვარგარეთ, საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში;
გაძლიერდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმები, რაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელოვან ჩართულობას მოითხოვს, რადგან სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ პერსონალური მონაცემების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამმუშავებელი დაწესებულებაა საქართველოში.
შემუშავდა საქართველოსთვის პირველი ადამიანის უფლებების სტრატეგიის პროექტი (2014-2020 წწ.); სამთავრობო სამოქმედო გეგმები როგორც 2014-2015, ისე, 2016-2017 წლებისათვის;
შემუშავდა და მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისათვის, კანონმა შემოიტანა ახალი ცნება „მრავალმხრივი დისკრიმინაცია“, რაც მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციისგან უფრო მაღალი ხარისხის დაცვას ემსახურება; პირველად ქართული კანონმდებლობის ისტორიაში, კანონში ჩაიწერა, რომ აკრძალულია დისკრიმინაცია, სხვა ნიშნებთან ერთად, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებითაც;
საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფართო მონაწილეობითი პროცესის ფარგლებში, შემუშავდა საქართველოს ორი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2010-2013 და 2015-2016 წწ.); მიმდინარეობს მუშაობა რიგით მესამე – 2017-2018 წწ. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე;
გაფართოვდა ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ თანამდებობის პირთა წრე, აგრეთვე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა წრე; კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად;
შემუშავდა ახალი კანონი ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრებისთვის მსჯავრდებული პირისთვის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე;
სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს რეიტინგი ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით გაუმჯობესდა და ქვეყანამ ე.წ. „პირველ კალათაში“ გადაინაცვლა. დამტკიცდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2013-2014 და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმები. 2014 წლის თებერვალში დამტკიცდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო სტრატეგია, რომლის საფუძველზეც უწყვეტად, თანმიმდევრულად და კოორდინირებულად ხორციელდება ტრეფიკინგის თემაზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები;
2014 წელს შემოღებულ იქნა „ადამიანის ექსპლუატაციის“ ახალი, დახვეწილი, მარტივად აღსაქმელი, საერთაშორისო სტანდარტებსა და ტრეფიკინგის თანამედროვე ფორმებსა და გამოწვევებს მორგებული დეფინიცია, 2015 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1433-ე მუხლს დაემატა შენიშვნა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთ მხრივ, ტრეფიკინგის დანაშაულის შეტყობინების წახალისების, ხოლო, მეორე მხრივ, მტკიცებულებების მოპოვებისა და უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
ქართული კანონმდებლობა ჰარმონიზაციში მოვიდა „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2007 წლის კონვენციასთან;
დამუშავდა და დამტკიცდა კანონთა პაკეტი, რომლიც იცავს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების უფლებებს, პირველად განისაზღვრა „მიუსაფარი ბავშვის“ დეფინიცია, მათთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უსასყიდლოდ გაცემის წესი და გაიზარდა სოციალური მუშაკის როლი ბავშვზე განხორციელებულ ძალადობაზე მყისიერი რეაგირების მიზნით;
გატარდა საკანონმდებლო ღონისძიებები სუროგაციით დაბადებული ბავშვების საქართველოდან გაყვანის პროცედურების გამკაცრების მიზნით, რომელიც მიმართულია ამ კატეგორიის ბავშვების საზღვარგარეთ ნებისმიერი სახის ძალადობისა და ექსპლუატაციისაგან დაცვისაკენ;
შემუშავდა და 2013 წლის დეკემბერში დამტკიცდა ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებებია: მოთხოვნის შემცირება, ზიანის შემცირება, მიწოდების შემცირება, სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა, დანაშაულთან ბრძოლა, კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა, ინფორმაცია-კვლევა და შეფასება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში ინიცირებული ცვლილების შედეგად ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა გაიმიჯნა მათი უკანონო გასაღებისგან და მოხდა სასჯელთა დიფერენციაცია;
გაფორმდა ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრს (EMCDDA) შორის, მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა, რომლის მთავარი ფუნქცია საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგი, ასევე, ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის ევროპულ ცენტრთან ინფორმაციის გაცვლა იქნება.