ინოვაციების ლაბორატორიის საერთაშორისო კონფერენცია

01სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“ 3 დეკემბერს, საერთაშორისო სამუშაო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება  გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.   კონფერენცია გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა  და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა შიო ხეცურიანმა გახსნეს.  

კონფერენციაზე სამუშაო ჯგუფები საქართველოში ნარჩენების მართვისა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემების  გადაწყვეტის მიზნით ინოვაციური გზების აღმოჩენის საკითხებზე მსჯელობენ.

 ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ: საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები; ინოვაციების სფეროში მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების – ნესტა-ს (დიდი ბრიტანეთი), მაინდლაბი-ს (დანია) და პალს ლაბი-ს (ინდონეზია) ექსპერტები. ასევე ყატარის, სომხეთის, მოლდოვასა და მაკედონიის ინოვაციური ლაბორატორიების წევრები;

კონფერენციაზე განსახილველი პრიორიტეტული საკითხები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებმა გამოავლინეს.

კონფერენციის მონაწილეები  სახელმწიფო სერვისებში ინოვაციური მიდგომების დანერგვის სფეროში  სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაეცნობიან და ამ პროცესში ინოვაციური სერვისების ლაბორატორიების როლზე იმსჯელებენ.

კონფერენციის დასასრულს,  სამუშაო ჯგუფები  საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს  ორდღიანი მუშაობის შედეგებს გააცნობენ.

საერთაშორისო სამუშაო კონფერენცია ორდღიანია და 4 დეკემბერს დასრულდება.