სსგს-ს ტერიტორიული სამსახური დღეიდან სოფელ წეროვანში ამოქმედდა

05სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ტერიტორიული სამსახური, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერით, დღეიდან სოფელ წეროვანში, დევნილთა კომპაქტურად დასახლების ადგილზე ამოქმედდა. დევნილ მოსახლეობას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უკლებლივ ყველა სერვისის მიღება ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. წეროვანში ტერიტორიული სამსახური დროებით, დევნილი მოსახლეობის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე იქნება განთავსებული.

სოფელ წეროვანში ტერიტორიული სამსახურის გადატანის მთავარ მიზანს, წეროვანში დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილზე სერვისების მიწოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. ტერიტორიული სამსახური წეროვანში ქალაქ მცხეთიდან გადავიდა, სადაც იგი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ იყო განთავსებული და მოსახლეობას საჭირო დოკუმენტის მისაღებად წეროვანიდან მცხეთაში უწევდა გამგზავრება.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერით და გამგეობის ხელშეწყობით შევძელით ჩვენი ტერიტორიული სამსახური წეროვანში, დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილზე განგვეთავსებინა. დღეიდან, მოსახლეობას აღარ მოუწევს ამა თუ იმ დოკუმენტის ასაღებად მცხეთაში გამგზავრება, რაც მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მოსახლეობას, მცხეთაში ჩასვლელად ზოგჯერ ორი ტრანსპორტის გამოცვლაც კი უხდებოდა, ახლა კი შესაძლებლობა ექნებათ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის ნეიტრალური პირადობის მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმეტი ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისთვის გაგვემარტივებინა სერვისების მიღების პროცესი ვიდრე ისინი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდებიან,“- განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

ახლადგახსნილი ტერიტორიული სამსახური წეროვანში, კომპაქტური დასახლების ადგილის ცენტრში მდებარეობს, აქვეა განთვსებული ლიბერთი ბანკის ფილიალიც, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს ერთ პუნქტში მიიღოს მომსახურება და გადაიხადოს მომსახურების ღირებულება.