ტრენინგები მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის დანერგვაზე

01მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის დანერგვაზე  ქარელის, ყვარლისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში 100-ზე მეტ თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარდათ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო მუშაობს პროექტზე,  რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული მმართველობის დანერგვას  ადგილობრივ თვითმმართველობებში.

მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებს საშუალებას მისცემს სწრაფად და ეფექტურად მიაწოდონ ადგილობრივ მოსახლეობას ისეთი  სერვისები, როგორიცაა: მთის სტატუსის განსაზღვრა, ფინანსური სოციალური დახმარება, მშენებლობის ნებართვების გაცემა, ქონების პრივატიზაცია, მიწის ლეგალიზაცია  და ა.შ.

პროგრამა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის სერვისების განვითარების სააგენტომ იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად შეიმუშავა. ტრენინგებში მონაწილეობა კი ყვარელის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო.

გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარებში, რომლის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული თანამშრომლების IT უნარების გაუმჯობესება. აღნიშნული ტრენინგები მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროცესში გაუწევს დახმარებას.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მათი ტრენერები.

პროექტში, სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ხორციელდება ცხრა საპილოტე მუნიციპალიტეტში (ქარელი, ხაშური, ახმეტა, ყვარელი, ხობი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, მცხეთა და ქალაქი გორი). ამ პროექტის დასანერგად,  ცხრავე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს სამი მიმართულებით: საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ საქმისწარმოებასა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში. ცხრავე საპილოტე მუნიციპალიტეტში გადამზადდა 500-ზე მეტი თანამშრომელი. პროექტი „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” 2016 წლის მაისში დასრულდება.