უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებგვერდი შეიქმნა.

11უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებ-გვერდი – voice.sda.gov.ge შეიქმნა.

უსინათლო და მცირემხედველი პირები დღეიდან იუსტიცის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებგვერდის http://sda.gov.ge მეშვეობით, მიიღებენ ინფორმაციას სააგენტოში არსებული სიახლეებისა და სერვისების შესახებ.

ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია 27 აპრილს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასევე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები, თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და ქართული ხმოვანი სისტემის შემქმნელები.

სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველი პირები ადაპტირებულ ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში მიიღებენ. დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით, მომხმარებლებისათვის შექმნილია მაქსიმალური კომფორტი – შესაძლებელია, როგორც ფონის ფერის, ასევე შრიფტის ზომის ცვლილება, რაც მცირემხედველი პირების საჭიროებებზეა მორგებული. ასევე შესაძლებელია ხმოვანი ფუნქციის აჩქარება და შენელება.

ვებ-გვერდის ადაპტირება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანთა უფლებები ყველასთვის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ამ დახმარების მეშვეობით სააგენტომ შეიძინა ქართული ენის ხმოვანი ძრავი და ვებგვერდის შექმნის მომსახურება.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარებულია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.