უფასო პირადობის მოწმობის ერთთვიანი აქციის შედეგად საარჩევნო სიაში დღეს უკვე 2 367 175 ზუსტი და გაუყალბებელი მონაცემია

13503073_998652583516656_8700088449684774820_oსაქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ჩატარებული პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით, რომელიც 26 მაისიდან 26 ივნისამდე მიმდინარეობდა, 194 670-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

დღეისათვის უკვე საარჩევნო სიაში 2 367 175 ზუსტი და გაუყალბებელი მონაცემია. აქედან, აქციის შედეგად პოტენციურ ამომრჩეველთა სიას 120 000 პიროვნების ბიომეტრიული მონაცემი დაემატა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს საზოგადოებას აქციის შედეგები პირადად გააცნო. მინისტრის ინფორმაციით:

  • 194 670 პირიდან 26 მაისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობა არ ჰქონდა 160 503 საქართველოს მოქალაქეს, რომლებმაც ისარგებლეს უფასო აქციით და დღეს უკვე ფლობენ გაუყალბებელ დოკუმენტს;
  • 194 670 პირიდან 26 მაისამდე ბიომეტრიული დოკუმენტი არ ჰქონდა  126 702 მოქალაქეს;
  • რეგისტრაციიდან იყო მოხსნილი 1 838 მოქალაქე, რომლებიც ამ აქციის შედეგად დაბრუნდნენ საარჩევნო სიაში;
  • მისამართის გარეშე იყო რეგისტრირებული 1 475 პირი და აქციის შედეგად მათი მისამართიც დაზუსტდა;
  • 26 მაისამდე იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი არ ჰქონდა 5 701 მოქალაქეს.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება  უფასოდ შეიძლებოდა. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს მიეძღვნა და მისი მიზანი პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტება იყო.

ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღეს პირებმა 17 წლის ასაკიდან. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ ფოტოსურათის საფასურისგანაც.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ ან შეღავათიან ფასში (საფასურის 50%) გაცემის კუთხით არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა  უფასოდ მიიღო. მთლიანობაში, 2012 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე 1 917 000  პირადობის მოწმობა გაიცა.

ელექტრონული პირადობის მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო სიების სრულყოფას და მოქალაქის დაცულობას.